საქართველოს კაკლისა და ნუშის მწარმოებელთა ასოციაციამ (AWPA) 180 ფერმერი გამოკითხა, რომლებმაც 2022/23 წლებში 1300 ტონა ნუში და 2000 ტონა კაკალი (ჩანდლერი) აიღეს.
კვლევის მიხედვით, 2023 წელს ფერმერები 2000 ტონა ნუშის და 3000 ტონა კაკლის მოსავალს ელიან. ჯამში, 2023 წელს კაკლის სავარაუდო მოსავალი დაახლოებით 8600 ტონა იქნება. AWPA-ს კვლევის შესახებ EastFruit-ი წერს.
როგორც „საქმიან დილაში“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი თორნიკე ლათათია აცხადებს, საქართველოს ბაზარზე ნუშის მოთხოვნა და მოხმარება დაბალია და ახალი ბაზრების ძიებაა საჭირო.
„ნუშის იმპორტი მნიშვნელობას მომავალი წლიდან დაკარგავს. შარშან პრობლემა გადამამუშავებელი სიმძლავრის ნაკლებობა იყო, ამიტომ რთული იყო ლოჯისტიკურ პროცესთან გამკლავება, მაგრამ წელს დაგეგმილია მინიმუმ ორი ქარხნის აშენება, რომლებიც ნუშს ექსპორტზე გაიტანენ. ჩვენი ნუშის მიმართ ინტერესი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საკმაოდ დიდია და საინტერესო ფასს გვთავაზობენ,“ - აცხადებს ლათათია.
EastFruit-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის აპრილამდე საქართველოში 1,300 ტონაზე მეტი გარჩეული (რაც 97%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და 245 ტონა გაურჩეველი ნუში შემოვიდა. საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ნუშის მთავარი მიმწოდებელი კვლავ შეერთებული შტატებია (65%), თუმცა აღსანიშნავია თურქეთიდან მოწოდების ზრდაც (26%).
ამასთან, თორნიკე ლათათიამ კაკლის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპორტის განვითარებას 2-3 წელი დასჭირდება.
„არსებულ ბაზარზე კაკალზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ვფიქრობ, 2-3 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანამ პროდუქტის ექსპორტი დაიწყოს. შარშან დაახლოებით 2000 ტონა კაკალი შემოვიდა. ამიტომ ვფიქრობ, მომავალი წლის წარმოება იმპორტს სრულად ვერ დაფარავს“, – აცხადებს ლათათია.
EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, გარჩეული კაკლის იმპორტი წელიწადში (22 მაისი-23 აპრილი) გაორმაგდა და უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან შემოსულმა კაკალმა 1850 ტონა შეადგინა, ხოლო თურქეთიდან და ჩილედან შემოსულმა გაურჩეველი კაკლის იმპორტმა - 350 ტონა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა კაკლისა და ნუშის მრეწველობის მომგებიანობაზეც ისაუბრა.
„სექტორი სტაბილურად ვითარდება, ნუში და კაკალი საქართველოში აქტუალური გახდა 7-8 წლის წინ. ამ პროცესში ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ გასულმა წელმა დაგვანახა, რომ ამ ინდუსტრიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მოსავლის მხრივ ხელშესახები მაჩვენებლები მოგვცა. ინდუსტრიაში მთავარი პრობლემა აგრონომიული ცოდნის ნაკლებობა იყო და ამ დროისთვის ეს სირთულე დაძლეულია და ფერმერებმა ნარგავების მოვლა ისწავლეს“.
საერთაშორისო ინვესტიციებზე საუბრისას თორნიკე ლათათიამ აღნიშნა, რომ ასოციაცია ამერიკელი და ესპანელი აგრონომების მოზიდვას გეგმავს.
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ ასოციაციის ეგიდით, გვინდა მოვიწვიოთ ამერიკელი და ესპანელი აგრონომები, ტრენინგებს ვატარებთ მთელი წლის განმავლობაში. წელს უკვე 5-6 ტრენინგი ჩავატარეთ, სადაც საერთაშორისო გამოცდილებას ვიზიარებთ“, - აცხადებს ლათათია.
გარდა ამისა, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წელს პირველ კომერციულ მოსავალს ელოდება.
„ჩვენმა პროდუქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, წელს სარეალიზაციო მოსავალს ვიღებთ და პირველად ვგზავნით პროდუქტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, შვეიცარიასა და გერმანიაში“ - განაცხადა ლათათიამ.