საუბარია დაახლოებით 10 დასახელების ჰიგიენურ საშუალებაზე, რომელთა შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სავაჭრო ქსელებმა უკვე დაიწყეს და პროცესი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

„რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარის, სოფო ქაშაკაშვილის განცხადებით, პლატფორმაზე მომხმარებლები შეძლებენ იხილონ ისეთი პროდუქტების ფასები, როგორიცაა კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხის ფხვნილი და სხვა ჰიგიენური ნივთები.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროდუქტები მაღაზიებში ცალკე კატეგორიად არ განთავსდება, თუმცა მათი საუკეთესო ფასები პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი. ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში აქციები მუდმივად არ მოქმედებს, ამიტომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეადარონ ფასები და ნახონ, სად არის კონკრეტული პროდუქტი ყველაზე იაფი.

შეგახსენებთ, რომ ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე არასასურსათო პროდუქტების დამატების შესახებ რამდენიმე დღის წინ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სავაჭრო ქსელებთან შესაბამისი კონსულტაციები უკვე დასრულების ეტაპზე იყო და იგეგმებოდა ყოველდღიური მოხმარების დაახლოებით 10 არასასურსათო პროდუქტის დამატება.

სოფო ქაშაკაშვილის ინფორმაციით, ასოციაციის წევრმა ქსელებმა მონაცემების ატვირთვა უკვე დაიწყეს, რის შედეგადაც მიმდინარე კვირის ბოლომდე ახალი კატეგორიის პროდუქტები სრულად აისახება ფასების სახელმწიფო პორტალზე.