სომელიე, ღვინის ბირჟის წარმომადგენელმა ზაზა გრიგალაშვილმა „კომერსანტთან“ ღვინის ბირჟის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ პლატფორმაზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპული ღვინოები მაღალი ფასით არ გამოირჩევიან, დაახლოებით 5 ლარით მეტია მათი ფასი ქართულ ანალოგებთან შედარებით, ამიტომ იმისათვის რომ საშუალო საფასო სეგმენტში ქართულმა კლასიკურმა ღვინოებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ, საჭიროა ხარისხის გაზრდა.
„ღვინის ბირჟაზე ძირითადად დაინტერესება კლასიკური ღვინოებზე ხდება, რომელიც საკმაოდ მაღალი ინტენსივობის არომატებით გამოირჩევა. კლასიკურ ღვინოებზე მოთხოვნა არის როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე სამხრეთ აფრიკულზეც, გარდა ამისა ევროპული ღვინოები ძალიან მაღალი ფასით არ გამოირჩევიან, დაახლოებით 5 ლარით ან ოდნავ მეტია მათი ფასი ქართულ ანალოგებთან შედარებით, თუმცა შესრულების ხარისხი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, იმისთვის რომ საშუალო საფასო სეგმენტში კონკურენტუნარიანები დავრჩეთ, საჭიროა ხარისხი გავზარდოთ.
ევროპული კლასიკური ღვინოები მაღალი კლასით გამოირჩევიან, ამავე დროს გამოჩნდა უცხოური ქვევრის ღვინო და აქაც გამორჩეულები არიან, ასევე ფართო ასორტიმენტია და არჩევანიც დიდი აქვთ. ჩვენთანაც ძალიან წინ ვართ, მაგრამ ასორტიმენტი ასეთი მაღალი არ არის. კლასიკურის და ქვევრის ღვინის გარდა მოთხოვნაა ე.წ. ცქრიალა ღვინოებზე, რასაც იმ რაოდენობას ჩვენ ვერ ვაწვდით რაც ბაზარს სჭირდება“, - ამბობს სომელიე.
ზაზა გრიგალაშვილმა ღვინის ბირჟის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის ადგილი სადაც ხდება სამართლიანი ფასწარმოქმნა, ამისათვის კი იქ წარმოდგენილი პროდუქციის სიმრავლე აუცილებელია.
„ღვინის ბირჟას საფუძვლად დაედო ის, რომ საქართველოში შექმნილიყო ადგილი, სადაც პირველ რიგში ქართული ღვინო გაიყიდებოდა და ამავდროულად უცხოური ღვინოებიც იქნებოდა. ბირჟა არის ადგილი სადაც ხდება სამართლიანი ფასწარმოქმნა, ამისთვის კი საჭიროა არსებობდეს ბევრი პროდუქტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბირჟას, რადგან ხდება არა კონკურენცია და შეჯიბრი, არამედ სხვადასხვა ღვინოების გაცნობა და ადგილობრივის შეფასებაც. საბოლოოდ მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ხარისხიანი ქართული ღვინოც და უცხოური ანალოგებიც.
ღვინის ბირჟაზე ქართული და ასევე უცხოური ბრენდების კოლექციაა შექმნილი, ადგილობრივი რა თქმა უნდა უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება მოთხოვნას, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და ჩამოსული სტუმარი ითხოვს მას, თუმცა აინტერესებთ უცხოური ღვინოებიც. მაგალითად ინტერესდებიან, თუ როგორია შესაბამისობა ქართულ ცოლიკაურსა და სოვინიონ ბლანს შორის, ადარებენ ერთმანეთს და სწორედ ამის გამო ხდება უცხოური ღვინოების ყიდვა“, - აღნიშნა ზაზა გრიგალაშვილმა.
გასულ წელს საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია. მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა, აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.