ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები ვითარდება. ამის შესახებ პროექტ GRETA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სვანეთის რეგიონი, ბუნებრივად შთამბეჭდავი ადგილია და შესაბამისად ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი ადგილის ტურისტულად მიმზიდველობისთვის. აქ, უკვე ადგილობრივი მცხოვრებლების დიადი გეგმები, მონდომება და დონორების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ტურისტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას.

დავით ნიკოლოზიანის ყველა გეგმა თუ მიზანი, ყოველთვის სვანეთს უკავშირდებოდა. სწავლის 7 წლიან პერიოდში, ქალაქში ყოფნის დროს, გამუდმებით ფიქრობდა თუ როგორ გამოეყენებინა მიღებული ცოდნა და გამოცდილება მშობლიური სვანეთის განვითარებისთვის.

სვანეთში დაბრუნებულმა, ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში, მამაპაპისეული ტრადიციული სახლის საოჯახო სახლ-სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტა და თავისი დანაპირებიც აასრულა. თავიდან 3 ოთახი მოაწესრიგა და ტურისტების მცირე რაოდენობას უმასპინძლა. ყოველწლიურად გაფართოების მიზნით,  მინიმუმ თითო ოთახს ამატებდა და დღეს, დავით ნიკოლოზიანის საოჯახო სასტუმრო ECOHOUSE SVANETI 10 ოთახს ითვლის.

ამ მიზანდასახულ გზაზე, სამწუხაროდ პანდემიამ დიდი წინაღობები შექმნა. რთული ვითარებისას, დროული და მნიშვნელოვანი იყო დახმარება, რომელიც ნიკოლოზიანების ოჯახმა ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით მიიღო.

„2020 -ში სრულად გაჩერდა ჩვენი ბიზნესი, სტუმარი საერთოდ არ გვყოლია და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დონორების, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერა. მე მქონდა პროექტი, რომელიც შეეხებოდა როგორც სასტუმროს დამატებითი ნომრებით აღჭურვას და მის ინვენტარს, ასევე ეს იყო სამთო ბილიკების მოსაწყობად და შესანარჩუნებლად საჭირო ტექნიკა“, - იხსენებს დავით ნიკოლოზიანი.

ECOHOUSE SVANETI-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტურისტები სოფლის ავთენტიკურ გარემოს სრულად გრძნობენ. საუზმეზე სტუმრები მასპინძლის ბოსტანში მოყვანილ პროდუქციას და სასტუმროს ეზოში მდებარე ფუტკრის სკებში მომზადებულ თაფლს აგემოვნებენ. სტუმრებში კი ევროპელი ტურისტები ჭარბობენ. სასტუმროს მეპატრონის თქმით, ეს სწორედ ის ტურისტები არიან, რომლებმაც კარგად იციან სოფლის ავთენტიკური ეკო-გარემოს გემოც და ფასიც. აქ ფაქტობრივად გასტრონომიული, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის პროდუქტები გაერთიანებულია ერთ სივრცეში.

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა" ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.