ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენც ვაწყდებით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განთავსებაა, - ამის შესახებ "ქართული აგროპროდუქტის" მმართველმა პარტნიორმა სოსო მანჯავიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ტარიფების ნაწილში არსებობს რესურსი, რომელიც ფასების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

"ყველა ბიზნესი, მათ შორის, ქსელური მარკეტები მაქსიმალურ მოგებაზე არიან ორიენტირებულები. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ქსელური მარკეტები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზმია და შესაბამისად, მათი დათმობებზე წამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. 

ტარიფებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ არსებობს რესურსი როგორც სადისტრიბუციო ნაწილში, ისე ქსელური მარკეტების კუთხით, რომ ფასების მნიშვნელოვნად შემცირება მოხდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა. პირველი პრობლემა, რომელსაც ჩვენც ვაწყდებით არის ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის განთავსება ქსელურ მარკეტებში. 

ჩვენ ვფიქრობთ გამოსავალი იქნება ის, რომ სპეციალური თაროები არსებობდეს, რომელიც ქართულ პროდუქციას დაეთმობა, რაც პროდუქციის რეალიზაციას 10-30%-ით გაზრდის. რეგულაციები აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივ წარმოებას უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს", - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ცნობისთვის, სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის სხდომები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს უსმენენ. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი