აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტი განსაზღვრავს შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებით არის ყურადღება გამახვილებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილის, როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.

სტრატეგიული გეგმის პირველ მიზნად აშშ-ის ეროვნული სუვერენიტეტია დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის გეგმამ არ გაამართლა.

„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ამოცანაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის, როგორც თვითმმართველი რესპუბლიკის, უწყვეტი გადარჩენა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ღია საზღვრები, გლობალური ინტეგრაცია, მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და შეთანხმებებისადმი პატივისცემა მოიტანდა შედეგებს, რომლებიც კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა ამერიკისთვის. ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ინტერესების ხელახალი პრიორიტეტიზაცია ნიშნავს ჩვენი ვარაუდების გადაფასებას მიგრაციის, გლობალური ჩართულობისა და მრავალმხრივობის მიმართ“, – ნათქვამია სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზეც, რომლებიც, დოკუმენტის მიხედვით, თავიანთ ნამდვილ მიზანს ჩამოშორდნენ.

„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ ისეთი დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია. ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და მისი მეშვეობით კავშირი მოიტანდა გლობალურ მშვიდობას, გააუქმებდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფუჭად ხარჯავდა ჩვენს გავლენას ამ მცდარი იდეების წინ წამოწევით, ამასობაში ჩვენ გვაჯობეს დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. დოკუმენტის თანახმად, ამის ნაცვლად, დეპარტამენტი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული გავლენის გაზრდაზე.

„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს ან მხარს დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. აღარ დავემორჩილებით მათ მიერ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის ნაცვლად, ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით, სტანდარტების დამდგენი ორგანოების, ხოლო რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოთხრისთვის ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდნენ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შექმნან კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს.

ამავდროულად, შეერთებული შტატები აპირებს „მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების“ შეჩერებას.

„დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების შესაჩერებლად. საერთაშორისო ორგანოების განცხადებები, რომლებიც შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობასთან, ვერ შეზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი შეზღუდვის ასეთ მცდელობებს მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ უცხოური დახმარების არქიტექტურამ დიდი ხანია, მიატოვა სტრატეგიული დისციპლინა და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).

დოკუმენტის მიხედვით, აშშ ათწლეულების განმავლობაში მოკავშირეებს სხვადასხვა პროგრამით ეხმარებოდა, აშშ-ის ახალი სტრატეგიით კი, ეს ფინანსური რესურსები უფრო გონივრულად დაიხარჯება.

„დიდი ხნის განმავლობაში უცხოური დახმარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. „ლენდ-ლიზიდან“ დაწყებული, „მარშალის გეგმითა“ და ცივი ომის დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, სტრატეგიულად ორიენტირებული დახმარების პროგრამები ამერიკულ რესურსებს მოკავშირეების გასაძლიერებლად, აშშ-ს მხარდამჭერი განვითარების წარმართვისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ღირებულებების პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ. სამწუხაროდ, უცხოური დახმარების ჩვენმა არქიტექტურამ დიდი ხანია, მიატოვა სტრატეგიული დისციპლინა და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში USAID-ში. შექმნილი გადაუდებელი ჰუმანიტარული კრიზისების საპასუხოდ და ღარიბი მოკავშირეების მდგრადი ზრდის პოვნაში დასახმარებლად, USAID-მა თავის ძირითად ამომრჩეველს გლობალური ჰუმანიტარული საზოგადოება უწოდა და არა ამერიკელი ერი ან ხალხი. USAID-ი გაუქმდა და მისი უცხოური დახმარების პროგრამები სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. ჩვენი მანდატი ნათელია: დახმარების რესურსები გონივრულად და სტრატეგიულად უნდა განთავსდეს უფრო მიზანმიმართულად, მაღალი გავლენის მქონე პროგრამებისკენ, რომლებიც დიპლომატიურ პრიორიტეტებს წინ უძღვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ფინანსური რესურსები ამერიკელების კეთილდღეობისთვის უნდა იხარჯებოდეს და ხშირად, აშშ-ის რესურსები ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყო გამოყენებული.

„ამერიკის სუვერენული რესურსები ამერიკელ ხალხს ეკუთვნის და უნდა დაიხარჯოს მათი და ჩვენი ერის ინტერესების წინსვლისთვის. არცერთ უცხოურ მთავრობას, მოსახლეობას ან ინსტრუმენტს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული უფლება ან პრეტენზია აშშ-ს დაფინანსებაზე. უცხოური დახმარება ამერიკული დიპლომატიისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ინსტრუმენტია და მასზე დახარჯული ყოველი დოლარი პირდაპირ უნდა იყოს გამართლებული ამ პირობებით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გლობალისტური ან ჰუმანიტარული ბაზებით გამართლებულ დახმარებას სარგებელი მოჰქონდა შეერთებული შტატების მიმართ არამეგობრულად განწყობილი ჯგუფებისთვის. ასე აღარ იქნება. დახმარების პროგრამების შეფასებისას, ჩვენ დავიწყებთ იმის უზრუნველყოფით, რომ ის მიემართება იმ ჯგუფების ან ქვეყნებისკენ, რომლებიც აქტიურად იცავენ ჩვენს ინტერესებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2024 წელს USAID-მა დახმარების ბიუჯეტის მხოლოდ 10-15% დახარჯა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 2026 წელს კი ამ რეგიონში, ბიუჯეტის, სულ მცირე, 40% დაიხარჯება.

„2024 წელს USAID-მა დახმარების ბიუჯეტის მხოლოდ 10-15% დახარჯა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთად. ეს არის მწირი რესურსების მიუღებელი განაწილება აშშ-ის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეპარტამენტი მიზნად ისახავს 2026 წელს ჩვენი დახმარების მთლიანი ბიუჯეტის, სულ მცირე, 40%-ის დახარჯვას დასავლეთ ნახევარსფეროსა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში. ადმინისტრაციულად დაჯგუფებულ რეგიონებშიც კი, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დახმარების ქვეყნებისა და სუბრეგიონების მიხედვით განაწილება ასახავდეს თანამედროვე განვითარებას და სტრატეგიულ პრიორიტეტებს“, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია გაერო-ზეც, რომელმაც, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ძალიან გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზანს.

„საჭიროა განახლებული ფოკუსირება გაერო-ში, რომელმაც ძალიან გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზანს. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომლებიც ხელს უწყობენ რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვეცდებით, დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, აჩერებს ან აწესებს დაფინანსებას რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შეუწყობს აშშ-ის მიერ წარმართული სამშვიდობო პროცესების განვითარებას“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია: „ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დავუშვით, რომ ჩვენი სიძლიერის საყრდენები დაირღვა: გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები და ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები მნიშვნელოვნად შეიჭრნენ ჩვენს რეგიონში. ჩვენი სამეზობლო გადაჭედილია უკონტროლო მიგრაციით, უკანონო ნარკოტიკებით და ტერორისტული ბანდებით, კარტელებით“.

დოკუმენტის მიხედვით, დონალდ ტრამპის ხედვა დასავლეთ ნახევარსფეროში მოიცავს აშშ-ის დომინირებას, რასაც ის „დონროს დოქტრინას“ უწოდებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გაბედული ქმედებებით აჩვენა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის დომინირება აღარასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“. ახალი „დონროს დოქტრინის“ თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აღადგინა აბსოლუტური უპირატესობა ჩვენს ნახევარსფეროში — როგორც ანტიამერიკული და არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების დამორჩილებით, ასევე მსგავსი შეხედულებების მქონე სახელმწიფოებთან ახალი, ძლიერი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორობის დამყარებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში მეზობლებს უგულებელყოფდა, რადგან საკმაოდ შორს კრიზისების დაუსრულებელი სერიით იყო გართული. ამიერიდან კი, შტატების მოკავშირეები აღარ იგრძნობენ თავს იზოლირებულად ჩინეთის ან სხვა ძალის წინაშე და შეერთებული შტატები დარჩება რეგიონის რჩეულ პარტნიორად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში.

„შესაბამისად, დეპარტამენტი ითანამშრომლებს რეგიონულ პარტნიორებთან, რათა მტკიცედ დაუპირისპირდნენ უცხოურ ჩარევას და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოფხვრან იგი. ჩვენი მოკავშირეები აღარ იგრძნობენ თავს იზოლირებულად ჩინეთის ან სხვა ნახევარსფეროს მიღმა არსებული ნებისმიერი ძალის წინაშე, შეერთებული შტატები დარჩება რეგიონის რჩეულ პარტნიორად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში. ნებისმიერი შიდარეგიონული უთანხმოების მიუხედავად, ყოველთვის უნდა დარჩეს საერთო საფუძველი, რომ არავის ინტერესები არ დაკმაყოფილდება, თუ დასავლეთ ნახევარსფერო სერიოზული დიდი ძალების კონკურენციის თეატრად გადაიქცევა.

დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მეზობლები უგულებელყოფილნი იყვნენ, რადგან შეერთებული შტატები სხვაგან კრიზისების დაუსრულებელი სერიით იყო გართული. ჩვენ შევცვლით ამ უგულებელყოფას და აღვადგენთ რეგიონულ მოკავშირეებს მათი კანონიერი როლით, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა. ამ რანგში, ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთო ინტერესის საკითხებზე, მათ შორის რეგიონულ გამოწვევებთან ბრძოლაზე, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა. ჩვენი პოლიტიკა დივიდენდებს მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე ამერიკელ ხალხს და ამით უზრუნველყოფს ორივე მხარისთვის ხანგრძლივ უპირატესობებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია იმის შესახებაც, რომ დღევანდელი გამოწვევების წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად, შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპელ პარტნიორებს, ხელახლა ჩაერთონ ახალ ამერიკულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსში.

დოკუმენტის მიხედვით, ცივი ომის შემდეგ, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე.

„დროთა განმავლობაში, ევროპის გაერთიანებამ, რომელიც ცივი ომის შემდგომი ნეოლიბერალური მომენტის დოგმებით იყო დაინფიცირებული, გამოიწვია უფრო სუსტი და ღარიბი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეეძლო საკუთარი თავის დაცვა, მით უმეტეს, ამერიკული ინტერესების მხარდასაჭერად გაერთიანება.  აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებით უსასყიდლოდ სარგებლობით კმაყოფილმა ევროპულმა ერებმა შეამცირეს თავდაცვის ხარჯები და საკუთარ თავს სამხედროების ატროფიის საშუალება მისცეს.  ევროკავშირის უპასუხისმგებლო ზეეროვნული მარეგულირებელი ბიუროკრატიისადმი დამორჩილებით, კონტინენტი დეინდუსტრიალიზებული გახდა, ვერ შეძლო ინოვაციების განხორციელება და ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა.

ევროპული ერები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდნენ მოწინააღმდეგე ძალებისგან მომდინარე ენერგიასა და იმპორტზე. ევროკავშირის პრინციპები ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით იარაღად იქცა, რათა ევროპა არაასიმილირებული უცხოელი მიგრანტების ტალღებით დატბორილიყო, რამაც გააქარწყლა კულტურის, საზოგადოებისა და ისტორიის კავშირები, რომლებიც ისტორიულ პოლიტიკურ წყობილებას უნარჩუნებდა. ამასობაში, ელიტამ დაიწყო გლობალიზმისა და პანჰუმანიზმის სულ უფრო რადიკალური კონცეფციების მხარდაჭერა, რამაც ისინი მიიყვანა დასავლური ცივილიზაციის ძირითადი პრინციპების, როგორიცაა დასავლური რწმენა და ღირებულებები, ეროვნული სუვერენიტეტი, თავისუფალი გამოხატვა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფოებრივი წყობილების რწმენა, უარყოფასა და ძირის გამოთხრამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის დასუსტება აშშ-ის ინტერესებში არ შედის. სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ, საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შეძლონ.

„დროა, ევროპულმა ერებმა გამოიღვიძონ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა კვლავ სერიოზული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე დგას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელახლა მილიტარიზაცია უნდა განახორციელოს. ანალოგიურად, ჩინეთის ეკონომიკურმა იძულებამ აჩვენა, რომ ევროპულმა ქვეყნებმაც უნდა განახორციელონ რეინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რათა უზრუნველყონ თავიანთი ეკონომიკური მომავალი. და ბოლოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის კრახმა გამოავლინა, რომ მათ უნდა მიატოვონ მასობრივი მიგრაციის კატასტროფული ექსპერიმენტი. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაიბრუნონ ძალა, რათა დარჩნენ შეერთებული შტატების სასარგებლო პარტნიორები. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ევროპული ერები, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით ქმედითუნარიანები, ეკონომიკურად სამართლიანები და კულტურულად ჰარმონიულები არიან. თვითკმარი და თავდაჯერებული სახელმწიფოების ეს ახალი ჯგუფი დაიცავს როგორც გაუცხოებისგან, ასევე დაცემისგან, აღადგენს განახლებულ ტრანსატლანტიკურ ცივილიზაციურ ალიანსს, რომელიც შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

1tv.ge