სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -  „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ქ. რუსთავის 22-ე და მე-15 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგების თემატიკა შეეხებოდა წყლის რესურსის რაციონალურად გამოყენებას, გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ტრენინგები ჩაატარეს პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტებმა, რევაზ გერაძემ, თამარ ბაზღაძემ და ირაკლი გორდულაძემ. 

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილე სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროექტის -  „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

პროექტში ჩართულია ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.