„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა და საქართველოში ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf hotels group-ის წარმომადგენელმა შალვა ალავერდაშვილმა „კომერსანტთან“ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სასტუმრო სექტორისთვის 2023 წლის პირველი სამი თვე ძალიან ცუდი იყო.
„ძალიან ცუდი პირველი კვარტალი გვქონდა. იანვარი მთის კურორტებზე უთოვლობის გამო მთლიანად ჩავარდა. თებერვალში თოვლი იყო, მაგრამ დანაკლისი ვერ შეავსო. რაც შეეხება მარტს, ამ დროს გვაქვს ხოლმე მუსლიმურ ახალ წელთან დაკავშირებით შემოსვლები, მაგრამ ამ პერიოდში აზერბაიჯანის საზღვარი ჩაკეტილი გვქონდა და რეალურად მარტიც საკმაოდ ცუდად დავხურეთ. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ პირველი კვარტალი იმაზე ცუდი იყო, ვიდრე ველოდებოდით.
რეალურად ევროპიდან ჯგუფური ტურიზმი შეჩერებულია, მხოლოდ ინდივიდუალური ტურიზმი მუშაობს. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნიდან როგორც ასეთი ტურისტი არ გვყავს, არც უკრაინიდან.
ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკის წარმოება არ ხდება. იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც ვიყენებთ, ის, ვინც 24 საათზე მეტ ხანს რჩება ქვეყანაში, ითვლება ტურისტად. დღეს ქვეყანაში გაზრდილია ტვირთბრუნვა, რაც კარგია, მაგრამ ვხედავთ საბაჟოზე არსებული რიგების გამო, ამ ადამიანებს 24 საათზე მეტხანს უწევთ აქ ყოფნა და ყველა ტურისტად ირიცხება“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა.