„Qartuli იქნება არა მხოლოდ 1 რესტორანი, არამედ ქსელი, რომელიც დუბაიში რამდენიმე ობიექტით იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას დუბაიში ქართული რესტორან Qartuli-ის თანადამფუძნებელმა, მარიამ შევარდნაძემ განაცხადა. მისი თქმით, Qartuli მეორე რესტორანს, მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, ისევ დუბაიში გახსნის.

Qartuli-ის ოფიციალური გახსნა 2 თებერვალს შედგა. „კომერსანტი“ რესტორნის შექმნის დეტალებზე მარიამ შევარდნაძეს ესაუბრა.

მარიამ შევარდნაძე დუბაიში უკვე 3 წელია ცხოვრობს. თავიდან, პარტნიორ ნინო ჩანტლაძესთან ერთად სადისტრიბუციო კომპანია დააარსეს და ადგილობრივი სუპერმარკეტების ქართული პროდუქციით მომარაგება დაიწყეს, შემდეგ ქართული რესტორანი გახსნეს მიტანის სერვისით. მას შემდეგ, რაც მოთხოვნა გაიზარდა, „სახლურ“ კონცეფციასა და ქართულ გემოებზე დაფუძნებული რესტორნის გახსნა გადაწყვიტეს.

„უკვე 3 წელია, რაც დუბაიში ვცხოვრობ. ჩემს პარტნიორ ნინო ჩანტლაძესთან ერთად ჯერ სადისტრიბუციო კომპანია დავაარსეთ. აქაურ სუპერმარკეტებს ქართული პროდუქციით ვამარაგებდი და ქართულ პროდუქტს ვუწევთ პოპულარიზაციას. პროფესიით ახლოს ვარ სარესტორნო ბიზნესთან, წამოსვლამდე „გუდვილში“ წარმოების მიმართულებას ვხელმძღვანელობდი და ამ კუთხით საკმაო გამოცდილება დამიგროვდა.

პირველ ეტაპზე, დუბაიში ქართული რესტორანი გავხსენით მიტანის სერვისით, რომელმაც ძალიან წარმატებით დაიწყო მუშაობა. მოთხოვნა იყო კლიენტის მხრიდან და, შემდეგ უკვე, ძალიან კარგ ბიზნეს-ადგილზე, რესტორანი Qartuli გავხსენით“, - გვიყვება მარიამ შევარდნაძე.

რესტორანი Qartuli დუბაის ცენტრში, „ბურჯ-ხალიფასთან“ და „დუბაი მოლთან" ახლოს მდებარეობს და როგორც მარიამ შევარდნაძე ამბობს, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ „საუკეთესო⁠ ინგრედიენტებით შექმნილი კერძები და საუკეთესო ქართული, სახლური, ავთენტიკური გემოები დააგემოვნოს“.

მარიამ შევარდნაძის თქმით, რესტორან Qartuli-ს კლიენტები ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეზიდენტები არიან, თუმცა ჰყავთ ევროპელი და არაბი კლიენტებიც.

„რესტორანი უმეტესად დუბაის რეზიდენტებზეა გათვლილი, ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეზიდენტები არიან გყავს ევროპელი და არაბი კლიენტებიც. ხშირი პირდაპირი ფრენების დამსახურებით, საქართველო ძალიან პოპულარულია დუბაიში, ბევრი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, იციან და მოსწონთ ქართული კერძები“, - ამბობს მარიამ შევარდნაძე. რა შეეხება იმას, თუ რა სეგმენტზეა გათვლილი, რესტორნის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ Qartuli პრემიალურ სეგმენტზეა გვაქვს, რადგან „რესტორანი დუბაის პრემიალურ უბანში მდებარეობს“.

დუბაიში ქართულ რესტორანს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს: დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრში Qartuli-ი რესტორნების ქსელით იქნება წარმოდგენილი და ფილიალებს გახსნის ევროპისა და აზიის დიდ ქალაქებში.

„სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, Qartuli იქნება არა მხოლოდ 1 რესტორანი, არამედ ქსელი, რომელიც დუბაიში რამდენიმე ობიექტით იქნება წარმოდგენილი, ასევე სინგაპურში, ლონდონსა და სხვა ქვეყნებშიც გვაქვს გეგმები. მეორე რესტორანი ისევ დუბაიში, ახლო მომავალში, სავარაუდოდ მიმდინარე წელს, გაიხსნება“, - აცხადებს მარიამ შევარდნაძე.