სადისტრიბუციო ბიზნესის ოთხი მსხვილი მოთამაშის, შპს „დიპლომატ ჯორჯიას“, შპს „შარმ ტრეიდინგის“, შპს „მეგაკოს“ და შპს „ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანიის“ (GDM) ფინანსური ანგარიშები „ფინსპოტმა“ მიმოიხილა.
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით არსებულ საცალო, საბითუმო და ქსელურ მარკეტებში.
ოთხივე კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია FMCG სექტორზე (საკვები და სასმელი პროდუქტები, კოსმეტიკური, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებები) და ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავთ. ამასთანავე, თითოეულს ოპერირების მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება აქვს. პროდუქციის უმეტესობა წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელს (ხშირ შემთხვევაში თითქმის 90%-ს), თუმცა ასევე ახდენენ ადგილობრივი პროდუქციისა და პირადი სავაჭრო მარკის ქვეშ გამოშვებული პროდუქციის დისტრიბუციასაც, თუმცა მსგავსი საქონლის წილი მთლიან დისტრიბუციაში დაბალია.
თითოეული კომპანიის შემოსავალი ₾150-₾210 მილიონის ფარგლებში მერყეობს. სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი (FMCG) წარმოადგენს შემოსავლების უდიდეს ნაწილს. 2018-2021 წლებში „დიპლომატ ჯორჯიას“ 3.7%-იანი საშუალო წლიური ზრდა (CAGR) ჰქონდა, იმავე პერიოდში კონკურენტების საშუალო წლიური ზრდა კი 11%-14%-ის ფარგლებში მერყეობდა. „დიპლომატ ჯორჯიას“ ნელი ზრდის ტემპი ძირითადად გამოწვეულია 2020 წელს „ზედაზენთან“ კონტრაქტის გაუქმებით, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავლები 12%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც კონკურენტებმა შემოსავლების შენარჩუნება ან ზრდა აჩვენეს პანდემიის პირველ წელს.
სექტორში მონაწილე კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 20%-26%-ის ფარგლებშია. „მეგაკოს“ საერთო მარჟა 40%-მდეა, რაც კონკურენტების მაჩვენებლებზე საკმაოდ მაღალია. საოპერაციო ხარჯების 2 მსხვილ კომპონენტს წარმოადგენს თანამშრომლების ანაზღაურება (დისტრიბუციის + ადმინისტრაციული) და მარკეტინგის ხარჯები. ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მოდის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ დანახარჯებსა და იჯარაზე. კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები 4%-8%-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი მარჟა GDM-ს აქვს, რაც კომპანიის საკმაოდ დაბალი ადმინისტრაციული ხარჯებით აიხსნება. EBITDA მარჟები 6%-10%-ის ფარგლებშია.
„კომპანიების ძირითადი გამოწვევაა საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვა, ვინაიდან დისტრიბუტორები თავის კლიენტებს უფრო მეტ საკრედიტო დღეებს აძლევენ ვიდრე თვითონ იღებენ თავისი მომწოდებლებისგან. შესაბამისად, კომპანიებს საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად (და არა მხოლოდ) უწევთ სესხის აღება, რის გამოც სესხის წილი აქტივებში 40%-50%-ს შეადგენს. გამონაკლისია „შარმ ტრეიდინგი“, რომლის აღებული სესხის წილი მთლიან აქტივებში მხოლოდ 15%-ს შეადგენს. ეს ძირითადად გამოწვეული აქტივების საკმაოდ დიდი მოცულობით, ვინაიდან კომპანიას ბალანსზე აქვს საინვესტიციო ქონება შვილობილების სახით (₾27 მილიონი), მარაგების ჭარბი მოცულობა (₾28 მილიონი), და დამფუძნებლებზე და თანამშრომლებზე გაცემული სესხები (₾9 მილიონი).
„შარმ ტრეიდინგის“ მარაგების ჭარბი მოცულობა ასევე აისახება მარაგების ბრუნვადობის დღეებზეც. კომპანია მარაგების ამოყიდვას საშუალოდ 76 დღეს ანდომებს, მაშინ როდესაც „დიპლომატ ჯორჯია“ და GDM საშუალოდ 40 და 33 დღეში ყიდიან მარაგებს.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება: შპს „დიპლომატ ჯორჯია“ - ₾4 მილიონი; შპს „შარმ ტრეიდინგი“ - ₾24 მილიონი. შპს „მეგაკო“ - ₾3 მილიონი; შპს „ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია“ (GDM) - ₾19 მილიონი.
GDM-მა 2021 წელს ₾10 მილიონი დივიდენდი გასცა, რომელიც ფაქტობრივად დაფინანსდა აღებული სესხით, ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა საკმარისი free cash flow ამ მოცულობის დივიდენდის გასაცემად. უფრო კონკრეტულად, სესხის რეფინანსირებისთვის აიღო ₾303 მილიონი ლარი და გადაფარა არსებული სესხი ₾293 მილიონის ოდენობით. სწორედ ამ სხვაობის ნაწილი იქნა გამოყენებული დივიდენდის გასაცემად“, - აღნიშნულია „ფინსპოტის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.
შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ საბოლოო მშობელი კომპანია შპს „დიპლომატ ჰოლდინგსია“ (ისრაელში დაფუძნებული კომპანია და დალისტული თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე).
შპს „შარმ ტრეიდინგის“ მფლობელები არიან: ზაზა ნიშნიანიძე (რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე)- 34%, ლევან კაკაბაძე - 33%, გიორგი ჩივაძე - 15%, ვახტანგ საძაგლიშვილი - 9%, სოლომონ მამუჩიშვილი - 9%.
შპს „მეგაკოს“ მფლობელები არიან: კახა გოგავა - 23.33%, ირინე ხაზარაძე - 15.00%, სოფიო ხაზარაძე - 15.00%, კობა თაყაიშვილი - 11.67%, მერაბ გაგუა - 11.67%, ინგა სვანიძე -11.67%, გრიგოლ ლომთაძე - 11.66%.
შპს „ქართული სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანიის“ (GDM) მფლობელებია: შპს „ალფორდიო სერვისიზ“ - 37.21%, შპს „არევაკო ინვესტმენტ ლიმითედ“ - 38.43%, შპს „მანდალორ ლიმითედ“ - 21.35%, დავით ალავიძე - 3.00%.