უძრავი ქონების ბაზარზე მაისიდან გააქტიურება შეინიშნება. 2025 წელი სექტორისთვის კლებით დაიწყო. ,,Galt & Taggart”- ის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში წლის პირველ 5 თვეში მილიარდ 200 მლნ. დოლარის ღირებულების 15 865 ბინა გაიყიდა. რაც წლიურად 2,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რამ გამოიწვია სექტორში მაისში დაფიქსირებული გააქტიურება. საკითხზე საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრს ბესო ქავთარაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მაისში თვალშისაცემი ზრდა არ დაფიქსირებულა, თუმცა მატება შესაძლოა უძრავი ქონებების მფლობელებისთვის გადაფორმებას უკავშირდებოდეს. ბესო ქავთარაძე განმარტავს, რომ წინა წელს ნაყიდ პროექტებში მშენებლობის პროცესი დასრულდა და ქონებები სამშენებლო კომპანიებიდან მფლობელებზე გადაფორმდა. რაც სტატისტკაში აისახა.
,,პრაქტიკა რაც არის ბაზარზე, როდესაც ადამიანი პირველად ყიდულობს უძრავ ქონებას სამშენებლო კომპანიაში, კეთდება შიდა ხელშეკრულებით ბინის ნასყიდობა. შემდგომ, როცა პროექტები სრულდება კონკრეტული ადამიანების სახელზე გადმოდის ქონებები. შესაბამისად, ეს რიცხვებში აისახება. დიდ წილად ალბათ არის ეს მომენტი, რომ წინა წელს გაყიდული ქონებების დარეგისტრირება ხდება საჯარო რეესტრში“, - აცხადებს ბესო ქავთარაძე.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ სექტრში გაყიდვების ზრდა შესაძლოა ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობამ განაპირობა, რადგან ამ პერიოდში ისრაელის მოქალაქეებმა საქართველოში უძრავი ქონებები შეიძინეს.
,,გაყიდვების კუთხით დინამიკა შეიმჩნევა, რომ ოდნავ არის დადებითი. რაღაც მომენტში ეს განაპირობა იმან, რომ აღმოსავლეთში, ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის შემდეგ, შეიძლება რაღაც წილი იყო ებრაელი მოქალაქეების მიერ ქონებების შეძენა“, - აცხადებს ბესო ქავთარაძე.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება. ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ამბობს, რომ მათი მოლოდინით უძრავი ქონების ბაზარი არ გაჩერდება.