საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე  სამივე ქართული კომპანიის  აქციების ფასი მცირდება.

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 6.51%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.22 მილიარდ სტერლინგს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.81 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 4.43%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.66 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 482 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

,,საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, პროცესი განგრძობადი იქნება და მას ყველაზე მწვავედ არა ლონდონის საფონდო ბირჟის კომპანიები, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესი იგრძნობს.

,,მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ სამი კომპანიის ბედი, არამედ ზოგადად, ქართული კომპანიებისა და ქართული ბიზნესის ბედი. მით უმეტეს, რომ მათი იმიჯი და რეპუტაცია მიბმულია საქართველოს ბედზე: თუ ქვეყანა წარმატებას აღწევს, ამ კომპანიების აქციებიც იზრდება და პირიქით. დიდი ბიზნესი ყველა ხელისუფლებასთან ლაგდება და მომავალშიც ასე იქნება; მცირე ბიზნესს კი ეს ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის იმიჯს „ქართული ოცნების“ დაჯგუფებამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, როცა განაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებენ. ქართული ბიზნესის ნაწილმა შეიძლება ეს პროცესი ვერც გადაიტანოს. ფაქტობრივად, უარს იმიტომ ამბობენ, რომ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ. როგორ შეასრულებენ მოთხოვნებს, როგორ შეასრულებენ დეოლიგარქიზაციას, როცა ბიძინა ივანიშვილი თავადაა ოლიგარქი. ეს სიტუაცია შეეხება ყველა ბიზნესს, ლარის გაუფასურება ეს მხოლოდ მარკერია, რომელიც პირველად გამოჩნდა. ეს პროცესი გაგრძელდება, დაიწყება ინვესტორების გადინება, ახალი ინვესტორები კი არა, ვინც არის ისიც გავა. ინვესტიციები პლუსში კი არა, მინუსებში გადავა. ამ ყველაფერზე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა, უპირველესად, ხელისუფლება“,- თქვა გიორგი კეპულაძემ.