კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, ქვეყანაში გატარებულმა ლიბერალურმა მედიაპოლიტიკამ უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და მაუწყებლობის განვითარებისთვის ფუნდამენტურად განსხვავებული გარემო.

ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბოლო 10 წლის განმავლობაში მაუწყებლობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები შეაჯამა.

წამყვანის კითხვაზე, რა შეიცვალა მაუწყებლობის სფეროში ბოლო წლებში, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო, რამაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახადა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში მაუწყებლობის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, არსებობდა შეზღუდული გარემო და სულ ოთხი ეროვნული მაუწყებელი ფუნქციონირებდა.

„დღეს ქვეყანაში უკვე 21 ეროვნული მაუწყებელია და, ჯამში, 100-ზე მეტი ტელევიზია მაუწყებლობს“, – აღნიშნა ბექაურმა.

მისი განცხადებით, ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების შემდეგ დღეს ნებისმიერი მსურველი მაუწყებლობის დაწყებას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სისტემით, სულ რაღაც 10 დღეში ახერხებს.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად არის ქვეყანაში დაცული სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, თუმცა ამავე დროს არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც.

მისივე თქმით, მაუწყებლობის სფეროში კვლავ პრობლემად რჩება დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევა, რაც მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლის.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შევიდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლის ფარგლებშიც დარეგულირდა მაუწყებლობის თვითრეგულირების ორგანოს ინსტიტუციური მოწყობის საკითხები.

ამასთან, მისივე თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ტერორიზმისკენ მოწოდება და სიძულვილის ენა, კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაექვემდებარა.

კახა ბექაურის განცხადებით, 2025 წლის აპრილიდან კანონში შესული ცვლილებების შედეგად რეგულირებას ასევე დაექვემდებარა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და საგანგებო ვითარების გაშუქების საკითხები.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.