ქართული თაფლი ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტშია.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ტურისტულ უბნებში, თბილისში თუ რეგიონებში, დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული თაფლი იყიდება.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ალეკო პაპავა "კომერსანტის" ეთერში საუბრობს, რომ ნატურალური თაფლის მწარმოებლებს ფალსიფიცირებული თაფლის ბიზნესთან გამკლავება უჭირთ. გარდა ამისა, ბაზარი დაბალფასიანი იმპორტირებული ჩინური თაფლითაა გაჯერებული. პაპავას თქმით, ჩინეთში ისეთ დონეზე ხდება თაფლის ფალსიფიცირება, რომ მისი  გამოვლენა ლაბორატორიებსაც კი უჭირთ.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ქართული ნატურალური თაფლი უმაღლესი ხარისხისაა, რის გამოც იგი ევროპის ბაზრებზე თავისუფლად გადის. 

მეუტკრეები მთავრობის დახმარებას ითხოვენ, რაც პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწყობას და საფუტკრე ბაზების გაზრდას გულისხმობს; ამ პრობლემების გამო, პაპავას თქმით, დღეს ჩვენ არსებული ბუნებრივი რესურსების მხოლოდ 52%-ს ვიყენებთ.

,,წელს ქართული თაფლის ექსპორტი საფრანგეთში განხორციელდა. ჯამში, დაახლოებით, 22 ტონაზეა საუბარი. ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალი რომ არ იყოს, საფრანგეთში თაფლის გატანაზე ვერც ვიოცნებებთ.

რაც შეეხება მოსავალს, მხოლოდ 22 ტონით არ უნდა დავკმაყოფილებულიყავით, უფრო მეტიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ რაოდენობის მხრივ თაფლი არ გვაქვს, თაფლი დეფიციტშია. აუცილებელია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც დღევანდელ მეფუტკრეობას აქვს. პირველია საფუტკრე ბაზების გაფართოება, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისასვლელი გზები სავარგულებთან, სადაც მეტი თაფლისა და ნექტრის გამოყოფაა, ასევე, თაფლოვანი მცენარეების მოშენება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დარგში. აუცილებელია ამ ყველაფერში სახელმწიფოს ჩართულობა.

დღეს ჩვენ არსებული ბუნებრივი რესურსების მხოლოდ 52%-ს ვიყენებთ, არადა, შეგვიძლია, თაფლის წარმოება მინიმუმ 3-ჯერ გავზარდოთ. საქმე ის არის, რომ ინფრასტრუქტურის არქონის გამო, სავარგულებამდე ვერ მივდივართ.

ჩვენ რომ გვქონდეს 100, გნებავთ - 1000 ტონა, მთლიანად შეისყიდდა თუნდაც საფრანგეთი. ქვეყანაში არ გვაქვს ამ მომენტისთვის იმ რაოდენობის თაფლი, რაც მუდმივი მიწოდებისთვის არის აუცილებელი თუნდაც ევროპის ბაზარზე",- აღნიშნა ალეკო პაპავამ "კომერსანტთან" ინტერვიუში.