„რუსეთთან სიახლოვისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მომტანი იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მე ამის არ მჯერა,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების აღდგენას. მისი თქმით პირდაპირი ფრენები საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის და არც ერთი რეისი არ შესრულდება ისე, რომ საქართველოში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეებით არ იყოს სავსე.
„ეს ადამიანები არ იქნებიან ის, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, რადგან პუტინის რეჟიმს გაქცეულებმა დიდი ხანია რაც ქვეყანა დატოვეს. რუსეთიდან ჩამომსვლელების დიდი უმრავლესობა იქნება უკრაინაში რუსეთის ომის მომხრე და მათი დიდი ნაწილი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, რამდენად იქნება მათი ვიზიტი საქართველოსთვის დადებითი ეფექტის მომტანი ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას.
რუსეთი არ არის სტაბილური ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება შევეჩვიოთ მათ ვიზიტებს. ვიზიტორების გაზრდის შემთხვევაში სარესტორნო სექტორს თავისი პრინციპები აქვს, ის ზრდის ინფრასტრუქტურას, დასაქმებულების რაოდენობას და როდესაც შენ ამ ნაბიჯს დგამ და გარკვეულ ინვესტიციას ახორციელებ, შემდეგ არასტაბილურობამ შეიძლება ჩადებული ინვესტიცია მინუსზე გაიყვანოს. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთის მიმართ ახლა გაჟღერებულ დამოკიდებულებას“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი წელი იყოს ის წელი, როდესაც საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი უცხოელი ტურისტების დიდი ნაკადი წამოვიდა, რის შედეგადაც საქართველოს პოტენციალი იზრდება, გარდა ამისა ბურჯანაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს საქართველო იყო ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონზე საქართველო ევროპელი ტურისტების ძალიან დიდ რაოდენობას ელოდება.
„დღეს მტრის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ და მტერთან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამას უბრალოდ ვერ ვაფიქსირებთ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ვიღაცამ პრაგმატულ ნაბიჯად შეაფასოს და დღეს ჩვენი პოლიტიკისთვის ასეთი მიდგომა სწორი იყოს, მაგრამ როდესაც შენი დიდი მეგობრები რომელთა იმედი გაქვს, გეუბნებიან რომ ეს არ არის ბალანსი და ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ეს შეიძლება რამდენიმე წლის მერე დანაშაულად ჩაითვალოს.
საქართველო ბოლო პერიოდში, სერვისის და მომსახურების კუთხით ძალიან დაიხვეწა, ჩვენ გადავეწყეთ იმ რეალობაზე, რა რეალობაც მოთხოვნადი გახდა და რესტორანი ჩამოყალიბდა არა საქეიფო, არამედ შეხვედრების და საქმიანი სადილ-ვახშმების ადგილად. ათეული წლის წინ საქართველოში რესტორნები იყო მხოლოდ საქეიფო ადგილი, სადაც დალევდი იმდენ ღვინოს, რამდენის ატანაც არ შეგეძლო. დღეს უცხოელმა ტურისტებმა თუ ევროპაში გამოცდილმა პერსონალმა ეს მიდგომა შეცვალა და დღეს თუ საქართველოს ამ მიდგომას მიზანმიმართულად შეცვლის, სექტორი წარსულში დაბრუნდება და გასტრონომიის განვითარება შეფერხდება, რადგან ბევრი რესტორატორი გადაეწყობა იმ მიმართულებაზე, რაზეც გაჩნდება მოთხოვნა და ეს ძალიან დიდი მავნებლობაა “ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირი რეისებით ჩამოფრინდებიან იქნებიან რუსული გავლენის ქვეშ მყოფები და ქართულ საზოგადოებაში გარკვეულ დისონანსს შეიტანენ.