ქ. ახალქალაქში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესებული პირები. 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. 

10-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.
კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.