ე.წ ბორჯომის ვაგზლის დამწვარ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა - "თბილისი ცენტრალი" მშენებლობის ნებართვას ელოდება.
"თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 30-დან 40 მლნ ლარამდე იქნება, რაც აბსოლუტურად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.
"ხანძრის შემდეგ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს თბილისის მერიასთან, ყველა შესაბამის სამსახურთან, ასევე, დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტის დახმარებით და საინიციატივო ჯგუფთან კომუნიკაციით, ჩვენ შევიმუშავეთ რეკოსტრუქციის პროექტი, რომელიც ოფიციალურად უკვე წარდგენილია მერიაში და უახლოეს მომავალში მათი მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას ველოდებით.
ამ პერიოდში მოხდა ტერიტორიაზე არსებული დამწვარი და განადგურებული ნარჩენების დასუფთავება და როგორც კი მუნიციპალიტეტი შესაბამის სამშენებლო ნებართვას გასცემს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ და 400-მდე დაზარალებული სამუშაო ადგილებზე დავაბრუნოთ.
მშენებლობის ნებართვის მიღებიდან დაახლოებით, 12-დან 18 თვის განმავლობაში განვახორციელებთ პროექტს. თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაგვეკეთებინა. ისეთი გადაწყვეტილებები ვიპოვეთ, რომ რაც შეიძლება მჭიდრო ვადებში მოვახდინოთ ამ ფართის რეკონსტრუქცია და ხალხის სამუშაო ადგილზე დაბრუნება.
მუნიციპალიტეტთან გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, ვიცე-მერების დონეზე და პროექტზე, რომელიც უკვე ატვირთულია, სავარაუდოდ, მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყებთ სამუშაოებს. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე სახანძრო სისტემებით და დაცული იქნება ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია თანამედროვე სავაჭრო ცენტრის ფუნქციონირებისთვის.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კონტრაქტორი იყო შპს "ბაქანი" და აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპერატორი უშუალოდ ის იყო, თუმცა ახლა უკვე პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს 400-მდე დაზარალებულ მოვაჭრესთან და ჩვენ მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით ამ ხალხს დავპირდით, რომ ახალი სავაჭრო ცენტრის აშენების შემდეგ, ყველას ექნება შესაძლებლობა შეღავათიანი პირობებით გააგრძელოს ოპერირება და მუშაობა", - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.
bp.ge