აგვისტოს თვეში ნავთობის ფასები ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

როგორც ნავთობიმპორტიოთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, საუდის არაბეთის მხრიდან, წარმოების შემცირებამ გამოიწვია ნავთობზე ფასების მატება საერთაშორისო ბაზარზე. 

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ეს პროცესი თვეზე მეტია შეუქცევადად მიმდინარეობს. 1 ბარელი ნავთობი 87-დოლარიან ფარგლებშია. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებელი საუდის არაბეთი, რომელმაც წარმოება მკვეთრად შეამცირა, ეს მაშინ როდესაც მოთხოვნა გაზრდილია.

საუდის არაბეთში არც მომავალშიც გეგმავენ წარმოების გაზრდას, რაც პირდაპირ აისახება ნავთობის ფასზე. ასევე, შემცირებულ მარაგთან დაკავშირებული ინფორმაციაც ყოველთვის გავლენას ახდენს ბირჟებზე.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ნავთობის ღირებულება 88 დოლარის ფარგლებში იქნება და მათი ეს პროგნოზი ზრდის მიმართულებით არის შეცვლილი და 3-4-დოლარით მომატებულია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როგორც მსოფლიო ბაზარზეა ღირებულება გაზრდილი, საქართველოში ასეთი მკვეთრი ცვლილება ჯერ არ მომხდარა.

„საქართველოში ფასი მაინც კარგად არის შენარჩუნებული. თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ იმას თუ რა დოზით არის საერთაშორისო ფასი გაზრდილი და შემდეგ დავაკვირდებით ამ ტენდენციიდან გამომდინარე როგორ შეიცვალა ჩვენთან ფასი, გამოჩნდება, რომ იყო გაძვირება, თუმცა არა საგრძნობლად.

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელი რუსეთია, საიდანაც შედარებით დაბალი ფასით შემოდის ნავთობპროდუქტები. მომავალში რა იქნება რთული სათქმელია. 

მნიშვნელოვანი კომპონენტია ლარის კურსიც, რაც დიდ როლს თამაშობს იმ კუთხით, რომ საკმაოდ სტაბილურია და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ჩვენთან მნიშვნელოვანი გაძვირება არ შეინიშნება“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.40  (-1.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.82  (- 1.58)  დოლარი/ბარელზე.