„ჩვენი შემოსავლების 30 პროცენტი გადასახადებში მიდის, ვფიქრობ მოგებისა და საშემოსავლოს გადასახადი ზედმეტია“. - ამის შესახებ რადიო  „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია საგადასახადო პოლიტიკის გადახედვა იმისათვის, რათა ბიზნესს საქართველოში ოპერირება გაუმარტივდეს.

„ჩვენი შემოსავლის თითქმის 30 პროცენტამდე მიდის სახელმწიფო გადასახადებში. ვფიქრობ, ჯამურად ყველა გადასახადი უნდა გადაიხედოს. ჩემი აზრით, საშემოსავლოსა და მოგების გადასახადი საერთოდ ზედმეტია. დღგ უფრო მეტად სამართლიანი გადასახადია, რადგან საბოლოოდ მომხმარებლის გადასახადია, ვინაიდან, რამდენადაც უფრო მეტს მოიხმარს ბიზნესი თუ მომხმარებელი იმის შესაბამის პროცენტს იხდის, მაგრამ 18 პროცენტი ძალიან დიდია და მისი შეკვეცაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ბიზნესებისთვის.  ამ შემთხვევაში მომხმარებელს უფრო მეტი ფული დარჩებოდა და უფრო ჭკვიანურადაც დახარჯავდა.

რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ვერ შემცირდება გადასახადები, თუმცა ეტაპობრივად, ბიუროკრატიის შემცირების პარალელურად ამის გაკეთება შესაძლებელია“. - აღნიშნა გიორგი ფუტაკარაძემ.