თაკო ჟურულმა და ზურა სანოძემ თბილისიდან მოშორებით, თელავის სოფელ რუისპირში ვენახი 2017 წელს შეიძინეს და ორგანული ყურძნის მოყვანა და ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყეს. სამი წლის წინ, 250 ძირი უიშვიათესი ჯიშის ვაზი - იყალთოს წითელი და 400 ძირი კახური მწვანე გააშენეს. წელს ამ ახალი ვენახიდან პირველ მოსავალს ელოდებიან.
როგორც თაკო ჟურული „კომერსანტთან“ საუბრისას იხსენებს, პირველი მოსავლის 210 ბოთლის შემდეგ, დღეს უკვე 1000 ბოთლ ღვინოს ასხამენ და იმ პირველი 210 ბოთლიდან მოყოლებული, მათი ღვინოების 90% საზღვარგარეთ იყიდება.
„კომერსანტი“„ჟუკა სანოს“ ღვინის მარნისა და ნატურალური ღვინოების შესახებ „ჟუკა სანოს“ ღვინოების დამფუძნებელ თაკო ჟურულს ესაუბრა.
გააცანი მკითხველს თავი
თაკო ჟურული ვარ. დამწყები მევენახე-მეღვინე, თბილისიდან. ახლა თელავის მახლობლად, სოფელ რუისპირში ვცხოვრობ. ცივ-გომბორისა და კავკასიონის ქედებს შორისაა მოქცეული ჩემი სოფელი, სახლი, ეზო და ვენახები.
როგორ აღმოჩნდი მევენახეობა-მეღვინეობაში?
როგორ აღმოვჩნდი რუისპირში? ძალიან გვინდოდა ქალაქგარეთ გვქონოდა ჩვენი მწვანე კუთხე, სადაც შაბათ-კვირებს გავატარებდით ხოლმე. არანაირი დანაზოგი არ გვქონია, მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით კერძო კომპანიებში, ვიღებდით საშუალო ხელფასს და ვფიქრობდით: „სანამ დასაქმებული ვართ, სანამ გადახდის უნარი გვაქვს, მოდი, ავიღოთ სესხი და ავისრულოთ ოცნება“. თბილისთან ახლოს ძვირი ღირდა სახლები და ამიტომ, ცოტა მოშორებით დავიწყეთ ძებნა. ასე ჩავედით თელავამდე, შემდეგ რუისპირამდე. არანაირი ბიზნესგეგმა ან ბიზნეს-კონცეფცია ჩვენ არ გვქონია, არც სურვილი - შეგვეძინა ვენახები, არც ინტერესი - დაგვეყენებინა ღვინო, ვეძებდით მხოლოდ პატარა სახლს ბუნების წიაღში. და როცა სოფლის ბოლოში მივაგენით ზღაპრულ ადგილს, გარშემორტყმულს ვენახებით, ატმის ბაღებით და დიდებული ხედით კავკასიონზე, სასწრაფოდ შევიძინეთ. ოღონდ მეპატრონემ ასე გვითხრა, სახლს თუ გავყიდი, აუცილებლად ვენახთან ერთადო. ასე გავხდით ვენახის მფლობელებიც. ძველი სახლი განვაახლეთ, ვენახი გავარემონტეთ, სახლშივე აღმოვაჩინეთ მიწით ნახევრად ამოვსებული მარანი უძველესი ქვევრებით, მიწა გავიტანეთ, ქვევრები გავრეცხეთ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვევლო ვენახისთვის. გამოვიწერე წიგნები, ვიარე ტრენინგებზე, გავხდი ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი, გავიცანი მეღვინეობის ლეგენდები და მათგან ვისწავლე ბევრი რამ.
ამ წლების განმავლობაში როგორ განვითარდა თქვენი ვენახი და მარანი?
იცი, თავისთავად მოხდა ყველაფერი. სრულიად რომ არ ველოდით და რომ არ ვგეგმავდით, ისე განვითარდა მოვლენები. დავტოვე სამსახური თბილისში და გადმოვბარგდი რუისპირში, საოცარი ყოველდღიურობა მაქვს, ბუნებასთან ერთად ვცხოვრობ, მასთან ერთად ვსუნთქავ, ერთმანეთზე ვზრუნავთ, წარმოგიდგენია? ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ასეა. ჩვენ ნატურალისტები ვართ, უარი ვთქვით ქიმიაზე და ვუვლით ორგანულ ვენახს, ღვინოსაც ნატურალურს ვაყენებთ. არ გვყავს დაქირავებული მუშახელი, ყველა სამუშაოს ვენახშიც და მარანშიც თვითონვე ვაკეთებთ და ვფიქრობ, მშვენივრად ვუძღვებით საქმეს. დრომ მოიტანა და ჩვენს აქაურ ყოფას სახელიც დაერქვა - „ჟუკა-სანოს“ მარანი. „ჟუკა“ იმიტომ, რომ ჟურული ვარ, მეგობრებისთვის - „ჟუკა“, ჩემი ქმარი კი, ზურა სანოძეა - ბავშვობიდან „სანო“.
იცი, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდით და პირველი ღვინო სულ ახალი ჩამოსხმული რომ გვქონდა, ჩვენმა პირველმა სტუმარმა, მეღვინე ქეთო ნინიძემ გვკითხა: „გაფართოებაზეა არ ფიქრობთ?“ ვუპასუხე არა-მეთქი. ძალიან მალე იგრძნობთ ინტერესს თქვენი ღვინის მიმართ და გაფართოების საჭიროებაც დადგებაო. მაშინ ვერ წარმომედგინა, არც მიფიქრია მსგავსი რამ, მაგრამ მართლა ასე მოხდა. მერე მკითხეს ტურისტების მიღებას თუ გეგმავთო და კატეგორიული უარი ვუთხარი, თუმცა დრომ თავისთავად მოიტანა სურვილიც და შესაძლებლობაც ჩვენი მშვიდი დღეები სხვასაც გაუზიაროთ, სხვაც მოვიპატიჟოთ ჩვენს სიხარულში, გავასინჯოთ ღვინო, გავატაროთ ვენახში...
როგორია „ჟუკა სანოს“ ღვინო, როგორ დაახასიათებ?
რქაწითლის ვენახი გვაქვს, ნახევარი ჰექტარზე გაშენებული. მისი მოსავლით პირველი ღვინო 2017 წელს დავაყენე, სულ 210 ბოთლი. ახლა წელიწადში დაახლოებით 1000 ბოთლამდე, სამი სახეობის ღვინოს ვაყენებ. სამი წლის წინ კი გავაშენეთ 250 ძირი უიშვიათესი ჯიშის ვაზი, სახელად იყალთოს წითელი და 400 ძირი კახური მწვანე. წელს ამ ახალი ვენახიდან პირველ მოსავალს ველოდებით! ჯერჯერობით სამი სახეობის ღვინო გვაქვს: „რქაწითელი“ (ქარვისფერი მშრალი), „3/47 რქაწითელი-იყალთოს წითელი“ (წითელი, მშრალი)და „მისთეიქ“ (მოქარვისფრო-მოვარდისფრო მშრალი). როგორია? ყოველ წელს სხვადასხვანაირი დგება, თუმცა სამივე გემრიელია, სურნელებას აფრქვევს, ხასიათი აქვს, ჩვენი ვენახის მზე, ჰაერი და მიწა იგრძნობა მათში, ჩვენც ვირეკლებით.
თქვენთვის „ჟუკა-სანოს“ მარანი და ღვინო არის ჰობი თუ უკვე ბიზნესი?
ეს აღარც ჰობია უკვე და მგონია, რომ არც ბიზნესი გამხდარა. უბრალოდ, ცხოვრებაა, პასუხისმგებლობა, საქმე, რომელიც დიდ სიხარულს გვანიჭებს, პირამდე გვავსებს, გვამდიდრებს, მოითხოვს მუდმივად ვიაროთ წინ, ვისწავლოთ, გავიღრმაოთ ცოდნა, ძალიან ყურადღებით ვიყოთ, არ გავჩერდეთ, არ გაგვინელდეს ინტერესი, დავსახოთ ახალ-ახალი გეგმები და ა.შ. სხვანაირად შეუძლებელია ამგვარი ფიზიკური შრომა აიტანო, როცა აქამდე არასდროს გიმუშავია ფიზიკურად, ამის არც ცოდნა გქონია და არც გამოცდილება.
სად იყიდება თქვენი ღვინო, უცხოეთში გაგაქვთ?
2017 წლიდან, ანუ იმ პირველი 210 ბოთლის ჩამოსხმიდან მოყოლებული, ჩვენი ღვინოების 90% საზღვარგარეთ იყიდება. დარჩენილ 10%-ს ძირითადად მარნიდან ვყიდით, თუმცა თბილისში მაღაზია „8 ათას მოსავალთან“ და სამიოდე ნატურალური ღვინის ბართანაც ვთანამშრომლობთ.
რა არის შენთვის, როგორც ღვინისთვის დღეს მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, რა გამოწვევაა სექტორში?
ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ არ ვიცი, რა გამოწვევებია სექტორში. როცა მეკითხებიან რა სირთულეებს წავაწყდი ან რა პრობლემების გადალახვამ მომიწია - ვერაფერს ვპასუხობ, არ შემქმნია პრობლემები, არც დაბრკოლება გადამილახავს. შესაძლოა იმიტომ, რომ არ მქონია მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებასთან, არც გამდიდრების მოლოდინი, არც რაოდენობის გაზრდაზე მიზრუნია. ერთადერთი საზრუნავი და „თავის ტკივილი“ რაც მაქვს, ეს არის საღი ყურძენი, იდეალურად სუფთა ღვინის ჭურჭელი და უზადო, ანუ დაუავადებელი ღვინო. ვფიქრობ ყველა მევენახე-მეღვინისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის. დანარჩენი, ადრე თუ გვიან, თავისთავად მოდის.
რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვს დამწყები მევენახეებისა და მეღვინეებისთვის?
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონებს, ვისგანაც მაგალითს ვიღებ, ვისგანაც დღემდე ვსწავლობ და ვისაც დღემდე ვბაძავ. ესენი არიან საუკეთესო მევენახე-მეღვინეები, ნატურალისტები, იდეის ხალხი. ვფიქრობ, დამწყებებისთვის პირადი მაგალითები ყველაზე კარგი მასწავლებელია.
სამომავლოდ მეღვინეობასთან მიმართებაში რა გეგმები გაქვთ?
დიდი გეგმები მაქვს. ღვინის დაყენება უნდა ვისწავლო. უამრავნაირად შეიძლება დააყენო ღვინო და ძალიან მაინტერესებს ეს გზები, მცდელობები.