ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისში სოსისების 7 მაღაზიას ერთდროულად გახსნის - ამის შესახებ, „კომერსანტთან“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით სოსისების გარდა „ჩირინამ“ უკვე გამოუშვა ახალი პროდუქტები, ესენია შებოლილი ქათმის ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და შებოლილი ქათმის ფილე, რომელიც „ბიუ-ბიუს“ მაღაზიებში უკვე იყიდება.
„ჩვენ უკვე ვარემონტებთ მაღაზიებს და ზაფხულში თბილისის მასშტაბით ერთდროულად 7 მაღაზიას გავხსნით, ჯამში სოსისების 15 მაღაზიის გახსნა იგეგმება.
გარდა სოსისებისა, „ჩირინამ“ უკვე გამოუშვა ახალი პროდუქტები, რომლებიც „ბიუ-ბიუს“ მაღაზიებში უკვე იყიდება, ესენია შებოლილი ქათმის ბარკალი, შებოლილი ქათმის ფილე და შებოლილი ქათმის ფრთა, რაც შეეხება სოსისებს, ვფიქრობთ, რომ გაამართლებს, რადგან ჩირინა უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს“, - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.
შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველეობის ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსები.