"ჩირინა" მიმდინარე წელს კახეთში 4 ფილიალის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანია "ჩირინას" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, 1 კვირის წინ "ჩირინას" პირველი ფილიალი გურჯაანში უკვე გაიხსნა და შემდეგი ფილიალის დამატება თელავში იგეგმება.
"ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვფართოვდებით. მაგალითად, გასულ წელს 10-მდე ფილიალი დავამატეთ, მათ შორის, ბათუმში და სხვა ქალაქებში. შესაბამისად, მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გაფართოებას. კახეთის რეგიონში, სავარაუდოდ, 4 ფილიალი დაემატება, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებსა, თუ რეგიონებში ფილიალების დამატება მოთხოვნის შესაბამისად მოხდება", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
მისივე განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა მცირედით.
ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა და ამჟამად, საქართველოს მასშტაბით 80-მდე ფილიალს ფლობს. "ჩირინა" დღეისათვის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები. კომპანია გარდა ქათმის ხორცისა, 15-მდე დასახელების სოსისსა და ძეხვეულს აწარმოებს. მათ შორისაა, შებოლილი ქათმის ფილე, შებოლილი ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და ა.შ.