კახეთში მდებარე სასტუმრო Chateau Mere-ში დატვირთულობა და ჯავშნები წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროს მმართველმა პარტნიორმა გია პირადაშვილმა აღნიშნა, თუ გასულ წელს სასტუმროს დატვირთულობა 22% იყო, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 40% შეადგინა.

მისი თქმით, Chateau Mere-ს ძირითადად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ, მათ შორის არამხოლოდ რუსეთიდან და უკრაინიდან, არამედ გერმანიიდან, სლოვენიიდან, კორეიდან, ავსტრიიდან და ისრაელიდან.

„თუ შარშან ქართველი დამსვენებლები ჭარბობდნენ, წელს უცხოელები აქტიურობენ, ჩვენი ძირითადი სტუმრები  სწორედ ისინი არიან. დაგვემატა ტურისტები კორეიდან და სლოვენიიდან. სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და თითქმის გაორმაგდა.

რაც შეეხება სასტუმროს ბრუნვას, თუ შარშან დაახლოებით 2 მილიონი იყო, წელს ვიმედოვნებთ რომ ეს მაჩვენებელი 3 მილიონამდე გაიზრდება“, - აღნიშნავს გია პირადაშვილი.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდი სასარგებლოდ გამოიყენეს და მოახდინეს სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ნომრების დამატება და გაფართოება. 

ფასებზე საუბრისას გია პირადაშვილი განმარტავს, რომ გაძვირება არ მომხდარა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის ხარჯზე გეგმავს ბრუნვის მოცულობის მატებას.

„შატო მერე“ კომპლექსში შედის 65 სასტუმრო ნომერი, სამი რესტორანი, ორი ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი და ღვინის მარანი.