ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია BYD-ს ჩინეთის მოქალაქეები ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ისინი კომპანიის ქარხანაში მუშაობენ, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს. ინფორმაციას Reuters ბრაზილიის შრომის ინსპექციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, BYD და კონტრაქტორი Jinjiang Group-ი დათანხმდნენ წინადადებას, რომ ისინი 163 დასაქმებულს სასტუმროებში დააბინავებენ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

ბრაზილიის შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში არ არის საუბარი დეტალებზე, თუ როგორ დაადგინეს ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი. BYD-ს წარმომადგენლობამ უარყო ბრაზილიის ხელისუფლების შეფასება, რომ მუშები აღმოსავლეთ ბაიას შტატში ,,მონობის მსგავს პირობებში’’ მუშაობდნენ. კონტრაქტორ კომპანია Jinjiang Group-ში განაცხადეს, რომ ვითარების ,,მონობად’’ შეფასება არასწორია, რადგან თარგმანში უზუსტობა იყო და მუშების პოზიცია არასწორად ითარგმნა.

BYD-ს წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში "უცხოური ძალები" დაადანაშაულეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ჩინური მედიის ნაწილი ქვეყნისა და ჩინური ბრენდების რეპუტაციას განზრახ ლახავენ, რაც ძირს უთხრის ჩინეთსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეინარჩუნებენ კომუნიკაციას ბრაზილიურ მხარესთან, რათა სიტუაციაში გაერკვნენ. მინისტრის განცხადებით, ჩინეთი იცავს მუშაკთა უფლებებსა და ჩინური კომპანიებისგან მოითხოვს კანონის დაცვით იმუშაონ.

ბრაზილიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი კომპანიებს 7 იანვარს ისევ შეხვდებიან და გარიგებას შესთავაზებენ. შეთანხმებამ შესაძლოა BYD და Jinjiang გამოძიებისგან გაათავისუფლოს, თუმცა კომპანიებში შესაძლოა შრომის ინსპექტორები მაინც შევიდნენ.