„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Skydo Corporation-ის დირექტორმა გელა გრძელიძემ კომპანიების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დინამიკა შეაფასა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიების ინტერესი AI-ის დანერგვის მიმართ მაღალია, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ ხელოვნური ინტელექტის სისტემური დანერგვის ნაკლებობაა.

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება.  რამდენიმე წლის წინ ხელოვნურ ინტელექტს ბევრი კომპანია განიხილავდა როგორც მომავლის ტექნოლოგიას, თუმცა ეს მომავალი უკვე ყველასთვის დადგა. დღეის მოცემულობით ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიები, არამედ სხვა დარგებიც იყენებენ, მაგალითად საბანკო სექტორი და სხვა ის ბიზნესები, რომლებსაც ყოველდღიურად დიდი მოცულობით ინფორმაციის დამუშავება უწევთ.

თუმცა ამ კუთხით დღეს ქართულ ბაზარზე გარკვეული გამოწვევები არსებობს, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის სისტემური დანერგვის ნაკლებობა. სისტემური დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ ბიზნეს პროცესის სრულფასოვანი ნაწილია. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ასეთი ტიპის ინტეგრაცია გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მომხმარებლის მოთხოვნების ავტომატურ დამუშავებას, გაყიდვების ანალიზს და ასე შემდეგ.

ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი კომპანიების მხრიდან ამ მიმართულებით უნდა იყოს. ჩვენი კომპანია სქაიდუ კორპორეიშენი კი სწორედ ამ ნაწილში ეხმარება ბიზნესებს, რათა მათ სწორად და ეფექტიანად მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის სრულფასოვანი დანერგვა ყოველდღიურ პროცესებში“, - აცხადებს გელა გრძელიძე.