ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მანქანების ბრენდმა ლოგო ისე შეცვალა, რომ მახვილი თვალია მის შესამჩნევად საჭირო. თანაც ოფიციალურად არც არაფერი უთქვამს ამის შესახებ, პირდაპირ 2026 წლის iX3-ზე წარადგინა, ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი აქვს შეცვლილი, მაგრამ რეალურად შეიძლება უფრო დიდ რაიმეზე მიგვანიშნებდეს, თუნდაც იმიტომ, რომ BMW ახალ Neue Klasse-ის ეპოქაში აბიჯებს.
ლოგოს უახლეს ვერსიაში ლურჯი და თეთრი დეტალები შენარჩუნებულია, თუმცა შიდა ქრომირებულ რგოლს ვეღარ ვხედავთ, რითაც თითქოს უფრო მარტივად გადადის კვადრატები შავ გარე წრეში. ლურჯ და თეთრ სექციებს შორის არსებული ხაზებიც ამოღებულია, ხოლო შავი რგოლი ახლა უფრო პრიალაა.
როგორც ზემოთ გითხარით, განახლებული ლოგო ახლადგამოშვებულ ელექტრო iX3-ზე გამოჩნდა პირველად, შემდგომი კი BMW-ს ახალი თუ განახლებული მოდელები იქნება, როგორც ელექტო, ისე შიდა წვის. აღსანიშნავია, რომ ლოგოს გარეთ არსებულ ლურჯ რგოლსაც აშორებენ, რომელიც ადრე მხოლოდ ელექტრო მოდელებისთვის იყო განკუთვნილი — ასე გვეუბნებიან, რომ BMW ელექტრომობილებს ცალკე კატეგორიად კი არა, მთავარ მიმართულებად მიიჩნევს.
BMW Design-ის ხელმძღვანელი ოლივერ ჰეილმერიც ამბობს, რომ ცვლილება ბრენდის ვიზუალური ენის ცხადად წარმოჩენას ისახავს მიზნად ისე, რომ მემკვიდრეობაც შეინარჩუნოს… ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი BMW-ს სხვა ავტომწარმოებლების გვერდით აყენებს, რომლებმაც ასევე გაამარტივეს ლოგოები თანამედროვე სამყაროსთვის, იქნება ეს Bentley თუ Jaguar-ის რადიკალური რებრენდინგი.
წყარო: marketer.ge