ბიზნესმენი დავით კაკაბაძე წყალტუბოში სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნას გეგმავს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $5-6 მილიონამდეა.
„შარშან, ეკონომიკის სამინისტროსგან წყალტუბოში ერთი შენობა ვიყიდეთ და ახლა ვცდილობთ, მეორე შენობაც შევიძინოთ. გვინდა, ადგილზე სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი მოვაწყოთ, რაც აკლია წყალტუბოს. გვინდა, შევქმნათ სივრცე, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან სამკურნალოდ ჩამოვლენ“, - თქვა ბიზნესმენმა, მაგრამ პროექტის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია.
დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, მის ოჯახს წყალტუბოში 70 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ფულის ჩადებას კიდევ აგრძელებენ.
ცნობისთვის: დავით კაკაბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის შვილია. „ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. სამედიცინო ტურიზმში ინვესტირება კაკაბაძეების ჰოლდინგის ერთადერთი მიმართულება არაა. ისინი ინვესტიციებს დებენ სოფლის მეურნეობაშიც. დავით და ბადრი კაკაბაძეების ოჯახი საქართველოდან არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების რუსეთში დისტრიბუცია-ექსპორტით არის დაკავებული.