„ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია“,- ასეთია ერთ-ერთი მიგნება კვლევისა, რომელიც Colliers Georgia-მ გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება, რისი მიზეზი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მსხვილი კომპანიების აქტიურობაა, რაც, თავის მხრივ, ბიზნეს ცენტრებში დიდ ფართებს დეფიციტურს ხდის.
"ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილი. ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართების მოძიება ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატოსებას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია“,- ვკითხულობთ კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, კვლევის მიხედვით, ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 15-დან 20 აშშ დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია მდებარეობასა და ცენტრის ინფრასტრუქტურულ გამართულობაზე.
„ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი მერყეობს 15-დან 20 აშშ დოლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც ლოკაციაზე, ასევე თავად ბიზნეს ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეებისთვის“,- ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მოთხოვნის ძირითადი წყარო საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებას, კლასისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.