საზოგადოებისგან მხარდაჭერილი აგრომეურნეობა - ეს არის გაყიდვების ამერიკული მოდელი, რომელიც შემდეგს გულისხმობს: მომხმარებელი მწარმოებელს წინასწარ უხდის მთლიანი პაკეტის საფასურის ნაწილს. თანხას მეურნეობა პროდუქციის მოყვანისთვის ხარჯავს, მოსავლის აღების შემდეგ კი მომხმარებელი სოფლის მეურნეობის პროდუქტს კონკრეტული პერიოდულობით იღებს.

სწორედ ასეთ მოდელს იყენებს „ფერმა ოდაში“, რომლის დამფუძნებლებმა - ირაკლი გიკაშვილმა და სალომე კალანდაძემ ბიო მეურნეობის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრეს.

ირაკლი გიკაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ფერმა ოდაში“ 40-ზე მეტი სახეობის ბოსტნეულს აწარმოებს, ასევე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ორგანული მწვანილიც შეიძინოს.

სალომე კალანდაძე კი განმარტავს, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერილი აგრომეურნეობის მოდელი პირველად სწორედ მათ დანერგეს და ამ ეტაპზე ორგანული პროდუქტებიც დაახლოებით 200 მომხმარებელს ამარაგებენ.

„თავიდან იყო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, მაგრამ ნელ-ნელა ავედით სადღაც 200 მომხმარებლამდე. ეს მომხმარებლები იზიარებენ ჩვენს წარმატებასაც და წარუმატებლობასაც. სოფლის მეურნეობა ძალიან რისკიანი სფეროა და თუ ბუნებრივი მოვლენების გამო პროდუქტი დაზიანდება, პრეტენზია არ ექნებათ. ვცდილობთ, მომხმარებელი ნაწყენი არ დაგვრჩეს, გვქონდა ასეთი შემთხვევებიც და მომდევნო სეზონზე ყველაფერი ავანაზღაურეთ“, - განმარტავს სალომე კალანდაძე.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც ირაკლი გიკაშვილი ამბობს, ყველაზე დიდი სირთულე, როგორც პრინციპში, ნებისმიერ სხვა სფეროში, მუშახელია. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში არ არსებობს ორგანული სასუქები, კომპოსტი, რაც ბიო მეურნეობებისთვის დამატებითი საქმეა, რადგან კომპოსტის წარმოება თავადვე უწევთ.

„რეალურად, გვიწევს, რომ კონკურენცია ევროპელ დამსაქმებელს გავუწიოთ, რადგან ჩვენს თანასოფლელს ურჩევნია, ევროპაში წავიდეს და იქ იმუშაოს, რაც ბუნებრივიც არის, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვუხდით იმდენს, რამდენსაც ევროპულ ქვეყნებში გამოიმუშავებენ.

ზოგადად, ორგანულ მეურნეობაში შეუძლებელია სოკოსთან ბრძოლა წამლით, რის გამოც სოკომ წელს 1000 ძირამდე პომიდორი გაგვიფუჭდა. იმის გამო, რომ საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რადგან მომხმარებელთა 90% ბავშვია, წამალი არ გამოვიყენეთ მივეცით და ავირჩიეთ ის გზა, რომ უბრალოდ, მოვკალით პომიდვრის ძირები, მაგრამ მომხმარებელს არ მივაწოდეთ“, - ამბობს ირაკლი გიკაშვილი.

მეურნეების ინფორმაციით, მაღალი ფასის მიუხედავად, ბაზარზე ორგანული პროდუქტის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა, მეურნეობების რაოდენობა, რომლებიც ბიო მიმართულებით მუშაობენ, მცირეა

„როცა ბაზარზე გაგვაქვს, მაგალითად, სტაფილო, 3 წუთში უკვე აღარ არის ხოლმე. გამოსავალი არის გაერთიანება, კოოპერატივების შექმნა ყველაფერს შველის. ორგანული მებოსტნეები ცოტანი ვართ და ერთად თუ ვიქნებით, უფრო მეტს შევძლებთ, ჩვენ კი მზად ვართ, დამწყებ ფერმერებს დავეხმაროთ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ“, - აღნიშნავს ირაკლი გიკაშვილი.