ბოლო მაჩვენებლების მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარმა ბათუმში 1 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას კომპანია „რეინვესტის“ დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ პრემიუმ და Luxury კლასის უძრავი ქონების საშუალო ღირებულება ბათუმში 1 კვადრატულზე 3500 აშშ დოლარია.

„ძალიან საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა ბათუმის ისტორიაში პირველად, როცა უკვე მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა უძრავი ქონების ბაზარმა გაყიდვებში. გასულ წელს იყო დაახლოებით 755 მილიონიანი წლიური გაყიდვები. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახლავთ ის, რომ ბათუმში დაემატა ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც არის ხელოვნურ კუნძულზე დაწყებული პროცესები. ასევე, ანბანის კოშკის მიმდებარედ ჩაეშვა ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი. ეს პროექტები საკმაოდ მსხვილი საინვესტიციო შეთავაზებით გამოვიდა ბაზარზე და დიდი გავლენაც მოახდინა.

გარდა ამისა, ბათუმში გაზრდილია მოთხოვნა მეორად უძრავი ქონების ბაზარზეც, რაც გულისხმობს იმას, რომ ტენდენცია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურია გასულ წლებთან შედარებით. ასევე, მოლოდინი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ასე გაგრძელდება“, - აცხადებს ლევან ბოლქვაძე.

ძირითადად, რომელი ქვეყნების მოქალაქეები ინტერესდებიან ბათუმის უძრავი ქონების ბაზრით - ამ კითხვაზე ლევან ბოლქვაძის პასუხია, რომ თბილისისგან განსხვავებით, სადაც დაახლოებით 80% ადგილობრივია, ბათუმში 70-80% უცხოელ ინვესტორებზე მოდის. კერძოდ, ძირითადი წილი მოდის ისრაელის, რუსეთის, ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეებზე, ასევე, გაზრდილია მოთხოვნა გალფის ქვეყნებიდან, რამდენიმე მსხვილი შესყიდვაა პოლონეთიდან და ასევე, ევროპის ქვეყნებიდან.

„2021 წლიდან 2025 წლამდე დაახლოებით 17-18%-იანი ყოველწლიური სტაბილური ზრდა აჩვენა ბათუმის უძრავი ქონების ღირებულებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 2021 წლის ბოლოს ბინის საშუალო წლიური მაჩვენებელი 650 დოლარი იყო, 2025 წლის ბოლოს ეს არის 1250 დოლარი.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი შეჩერდება. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააჩენს კიდევ უფრო მსყიდველუნარიანი ინვესტორების შემოსვლის შესაძლებლობას. საშუალო ფასი პრემიუმ უძრავ ქონებაზე 3500 დოლარიც კი და მგონია, რომ ეს ტენდენცია გაიზრდება“, - განმარტავს ლევან ბოლქვაძე.