ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო კომერციულ ფართებზე მოთხოვნამ იკლო. კომერციული მიმართულების ექსპერტი ჯული შავიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ პერიოდში მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. სექტორისთვის განსაკუთრებით რთული დეკემბრის თვე აღმოჩნდა, როდესაც კომერციული ფართების ყიდვით და ქირაობით დაინტერესებულმა ბიზნეს სუბიექტებმა თავი შეიკავეს. შეთანხმებების გაჩერების მიზეზად ისინი შექმნილ ვითარებას და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების სურვილს ასახელებდნენ.

,,როგორც კომერციული აგენტი გეტყვით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მკვეთრად იკლო კომერციულ ფართებზე მოთხოვნამ. შექმნილმა ვითარებამ თავისთავად გავლენა მოახდინა ბაზარზე და ხალხს შეეშინდა ინვესტიციის გაკეთების. ბიზნესებიც თავს იკავებდნენ, რომ აეღოთ დიდი ოფისები იჯარით. მით უმეტეს თავს იკავებდნენ დიდი ღირებულების ქონების ყიდვაზე. დეკემბერში ფაქტობრივად საერთოდ არ იყო მოთხოვნა. ყველა მოლაპარაკება რაც მქონდა გაჩერდა. ახალი წლების შემდეგ, დაახლოებით 10 იანვრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა. მოთხოვნა ძირითადად გაიზარდა ყიდვაზე. იჯარაზე უფრო ნაკლებად. მიწოდება უფრო დიდია, ვიდრე მოთხოვნა. უფრო მეტი მესაკუთრე გვიკავშირდება, რომელსაც გაყიდვა ან გაქირავება სურს, ვიდრე მყიდველი. დეკემბერში ყველა ჩემი კლიენტი ვინც იყო თავი შეიკავა. მოლაპარაკებები მაგით დასრულდა და მათი პოზიცია იყო, რომ თავს შეიკავებდნენ და დააკვირდებოდნენ ვითარებას.’’- აცხადებს ჯული შავიშვილი.

ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო არ იყო ერთადერთი მიზეზი, რამაც კომერციულ ფართებზე მოთხოვნა შეამცირა. მიზეზი ბანკების მიერ სესხების გაცემაზე უარიც გახდა. კომერციული აგენტი ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ბანკები უარს ამბობდნენ არა მხოლოდ კომერციული ფართების შესაძენად მოთხოვნილი სესხების გაცემაზე. უარი მოდიოდა ასევე საცხოვრებელი ბინების საყიდლად მოთხოვნილ სესხებზეც.

,,დიდი წვლილი მიუძღვით ბანკებსაც, რადგან ბანკებმა საკმაოდ შეაჩერეს სესხების გაცემა დეკემბერში განსაკუთრებით. არა მარტო კომერციულზე, არამედ ბინების მიმართულებითაც. შეთანხმებები ჩაგვეშალა ბანკის უარის გამო, რადგან ბანკმაც არ იცოდა რა ექნა, მიეცა თუ არა სესხი კლიენტისთვის. ესეც იყო ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი. მით უმეტეს კომერციული ფართები ძალიან ძვირად ღირებულია. დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან და იშვიათია ისეთი მყიდველი, ვისაც უდევს თანხა და ქეშად ყიდულობს. ძირითადად, 90% ბანკს იშველიებს და ბანკით ყიდულობს. ბანკების უარი სესხზე იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც შეჩერდა კომერციული ფართების გაყიდვა. ვისაც ქეში ჰქონდა და დაკვირვების შემდეგ უნდოდა ყიდვა მათ იყიდეს. ახლა უფრო მომატებულია მოთხოვნა.’’- აცხადებს ჯული შავიშვილი.

მაღალი მიწოდებისა და დაბალი მოთხოვნის მიუხედავად კომერციულ ფართებზე ფასები არ დაცემულა. კომერციული აგენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ეს ერთადერთი პოზიტიური მომენტია.

,,ფასი სტაბილურად ნარჩუნდება. კვადრატულზე უბნების მიხედვით ლოგიკური ფასებია. გამონაკლისი შემთხვევაა თუ გამქირავებელს ძალიან ეჩქარება გაქირავება. ერთადერთი პლუსი არის ის, რომ ხელოვნურად იჯარის თანხები არ გაზრდილა.’’- აცხადებს ჯული შავიშვილი.