საავტომობილო ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავტოიმპორტზე დაწესებულ ტარიფებს გავლენა საქართველოს ბაზარზეც აქვს.

საუბარია ტარიფებზე, რომლებიც 2025 წლის მაისიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ძირითად საავტომობილო ნაწილებზე შევიდა ძალაში და რომელიც 25%-ია.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკა უფრო მეტად შედარებით ბიუჯეტურ ავტომობილებზე აისახა.

ალექსანდრე ვეკუას თქმით, ამ ტიპის იმპორტირებული მეორადი ავტომობილების ფასი დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი.

„ლიკვიდურ ავტომობილებზე, რომელზეც მოთხოვნა ძალიან მაღალია, ფასები შესამჩნევად გაიზარდა, დაახლოებით 10-15%-ით. როდესაც აშშ-ში ეს რეგულაცია შემოვიდა, ამის შემდეგ სწრაფი ეფექტი იყო და ლიკვიდური ავტომობილები უცებ გაძვირდა. სხვა მიმართულებით ვერ ვიტყოდი, რომ აშშ-ს მიერ პოლიტიკის ცვლილებამ რაიმე გავლენა მოახდინა ავტომობილების ფასებზე. თუმცა, შარშანდელ ამ პერიოდს წლევანდელს ვერ ვადარებთ, რადგან აშშ-მ ტარიფები მიმდინარე წელს დააწესა“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, Caucasus Auto Import-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელი გაყიდვების მიმართულებით მზარდი იყო და მათი კომპანიის შემთხვევაში ავტომობილების იმპორტი 11 თვეში 20%-ით გაიზარდა, ხოლო რეექსპორტი 10%-ით.

bm.ge