სადაზღვევო სექტორი იზრდება, თუმცა ბაზრის მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, ბრუნვის ზრდის მიუხედავად, კომპანიების მომგებიანობა პროპორციულად არ იზრდება. ამის მთავარი მიზეზი ზარალის დარეგულირების ხარჯების ზრდაა, რაც "ბბ დაზღვევის" გენერალური დირექტორის თქმით, ავტონაწილების გაძვირებას, განბაჟების პოლიტიკის ცვლილებას და ძველი მანქანების შემოყვანის შემცირებას უკავშირდება.

გაზრდილი ხარჯების საპასუხოდ, კი ავტოდაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო პრემიების კორექციამ წლიურად დაახლოებით 10% შეადგინა.

“ზარალიანობა გაზრდილია, თუმცა რაოდენობრივად იმდენად არ არის გაზრდილი, რამდენადაც უშუალოდ ზარალის დარეგულირების ხარჯებია გაზრდილი, ვინაიდან ავტომობილების ნაწილების ფასი გაიზარდა. როგორც იცით, ძველი მანქანების შემოყვანა გართულდა, რადგან საკმაოდ ძვირია მათ განბაჟება.

ძველი მანქანები, რომელიც შემოდიოდა, წარმოადგენდა ასევე სათადარიგო ნაწილს უკვე დაზიანებული მანქანის შეკეთების დროს და ამანაც გამოიწვია ნაწილების და შეკეთების ხარჯის ზრდა და ჯამში ეს ყველაფერი აისახება კომპანიების მომგებიანობაზე.

პრემიების კუთხით, ავტო მიმართულებაში პრემიების კორექცია დაახლოებით 10%-ია”,-აცხადებს კოტე სულამანიძე.

რაც შეეხება კომპანიის 9 თვის შედეგებს, ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორის თქმით, გაზრდილია საცალო მომსახურებიდან მოთხოვნა. სტაბილურად იზრდება კორპორატიული სეგმენტიც, თუმცა კოტე სულამანიძის თქმით, ეს ზრდა ციფრებში გამოისახება ზრდაში, მაგრამ კომპანიის მომგებიანობაზე ძალიან დიდი გავლენა არ აქვს, ვინაიდან ზარალის დარეგულირების ხარჯები ინფლაციის გამო საკმაოდ გაზრდილია.

ვრცლად: bm.ge