დაარსების დღიდან, 10 წლის განმავლობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსდა 11000 - მდე პროექტი. ინფორმაცია აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.
მისივე თქმით, ამ პერიოდში ჯამურად 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპორტიორები უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, კომპანიებმა მოახერხეს ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაცია და ჯამური საექსპორტო ღირებულების ზრდა.
მთავარი ტენდენცია, რაც ანგარიშში გამოიკვეთა ისაა, რომ სააგენტოს ბენეფიციარებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საკუთარი პროექტის განხორციელებას ან საერთოდ ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ რამდენიმე წლის დაგვიანებით“,- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ გეგმავენ სახელმწიფო პროგრამას ეკონომიკის ახალი სექტორები დაემატოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ისინი. სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას, ხიდურელმა ასევე აღნიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში „გაფუჭებული“ პორტფელების წილი 0.5%-ია, ე.წ დეფოტლის წილი - 5%-ს შეადგენს.
„ჩვენი პროგრამების გავლენის ეკონომიკური ანალიზი ძალიან პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს. თითოეულ დახარჯულ ლარზე სახელმწიფო ბიუჯეტში და მთლიან შიდა პროდუქტში შევიდა 4.5 ლარზე მეტი თანხა. ასევე თითოეულმა ლარმა მოიტანა 1.5-ჯერ მეტი დამატებითი გადასახადი ქვეყნის ბიუჯეტში. თითო ლარმა კომპანიებისთვის 14-ჯერ მეტი შემოსავლის მოახდინა სტიმულირება. ბევრი პარამეტრი გავზომეთ. მაგალითად, ექსპორტის პროგრამების მონაწილეებისთვის 30%-ით გაიზარდა ექსპორტი. ასევე ძალიან პოზიტიური შედეგი გვაქვს მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა, სადაც კომპანიების “გადარჩენის” მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მცირე ბიზნესები, რომლებიც დავაფინანსეთ, ისევ აგრძელებენ ოპერირებას. ასევე ძალიან საინტერესოა შედეგები შემოსავლების ზრდის კუთხითაც. ჩვენი ბენეფიციარი კომპანიები 2-ჯერ მეტ შემოსავალს აგენერირებენ. აქედან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჩვენს პროგრამებში ჩართვის შემდეგ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება და ის არის ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის ზოგადი სტატისტიკა“, - აცხადებს ხიდურელი.