„ატელიე პირველმა“ მუშაობა 2016 წელს 4 თანამშრომლით დაიწყო და დღეს უკვე 30 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანა შაიშმელაშვილმა უთხრა, „ატელიე პირველის“ შექმნის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში არ არსებობდა ქართული წარმოების პროდუქტი, რომელიც მასობრივად იქნებოდა ხალხისთვის ხელმისაწვდომი.
„ვინაიდან ბაზარზე ქართული პროდუქციის დეფიციტი იყო, შევქმენით „ატელიე პირველი“, რომელიც ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და ყველა შეძლებდა ჩვენს მიერ შეკერილი სამოსის შეძენას. მუშაობა 4 თანამშრომლით დავიწყეთ და ახლა უკვე 30 გვყავს დასაქმებული“, - გვიყვება ანა შაიშმელაშვილი.
„ატელიე პირველს“ წარმოება თბილისში აქვს, ძირითადად ონლაინ მუშაობს, სეზონურად კოლექციებს თავად ქმნის და მომხმარებელს ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს. გაყიდვაშია ქალის ნებისმიერი სახის ტანსაცმელი - შარვლები, ქვედაბოლოები, კლასიკური, თუ ყოველდღიური სამოსი. ქსოვილები კი თურქულიდან შემოაქვთ.
„ატელიე პირველში“ აცხადებენ, რომ მზად არიან კადრი დაიმატონ, მაგრამ სამუშაო ძალის დიდი დეფიციტია და გადამზადებას საკუთარი რესურსებით ახორციელებენ. ანა შაიშმელაშვილი გვიყვება, რომ პანდემიის პერიოდში შეკვეთებმა არა თუ იკლო, გაიზარდა და ეს ტენდენცია არც პანდემიის დასრულების შემდეგ შეცვლილა.
„ვინაიდან ჩვენ ონლაინ ვმუშაობდით, პანდემიის დროს, წინა პერიოდთან შედარებით, გაყიდვების ზრდა გვქონდა. ეს ზრდა არ შეჩერებულა და რა მაქსიმუმსაც მივაღწიეთ, იმ ნიშნულს ქვევით არ ჩამოვსულვართ. პროდუქციის 80%-ის რეალიზაცია ონლაინ ხდება. ზაქარია მხარგრძელის #1-ში გვაქვს შოურუმი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს კონკრეტული პროდუქტი და გააფორმოს შეკვეთა,“ - აცხადებს ანა შაიშმელაშვილი.
„ატელიე პირველის“ ქართული სამოსის ფასი 35-დან 80-90 ლარამდეა და მთელ საქართველოში იყიდება. სამომავლოდ კომპანიაში ექსპორტის მიმართულების განვითარებას და ქართული პროდუქციის ევროპაში გატანას გეგმავენ.