კომპანია Hazelnut Gorgia-ს გენერალური დირექტორის თემურ გოგიას განცხადებით, საქართველოში პრემიუმ ხარისხის თხილი საერთოდ არ არსებობს.

როგორც მან „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ტყუის, როცა უმაღლესი ხარისხის თხილის მოსავალსა და ფასებზე საუბრობს. 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადებით, წელს პრემიუმ ხარისხის თხილი, სავარაუდოდ, 7 ლარამდე, მოუვლელი და შეუწამლავი თხილი კი 3,50-4 ლარამდე ეღირება.

„აბსოლუტურ დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე, რადგან უმაღლესი ხარისხის თხილი საქართველოში არ არსებობს. რაც გამოაცხადეს, არის პროვოკაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა. ამან გლეხებში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. პრემიუმ ხარისხის თხილი, ჩვენთან არ იწარმოება, ეს არის მხოლოდ თურქეთში. 

შარშანაც ასეთი განცხადება გააკეთეს და წელსაც, რაც მიზანმიმართული პროვოკაციაა“, - აღნიშნა თემურ გოგიამ. 

მისი თქმით, საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის თხილი კახეთში იწარმოება და მისი მაქსიმალური ფასი 6 ლარია, ისიც იმის გამო, რომ აქ კომპანია „ფერერო“ ოპერირებს და ეს ფასიც მისი დადგენილია. 

„ერთადერთი რეგიონია კახეთი, სადაც იწარმოება მაღალი ხარისხის თხილი, რომელიც არ არის პრემიუმი. ჩვენ ინგლისურად აგრეიდს ვეძახით და ის ღირს 6 ლარი. გუშინ სატესტოდ მივიღე მე 4 ტონა ეს თხილი და ეს პრემიუმ ხარისხად არ ითვლება. 

ეს ფასიც სულ სხვა რამის გამო აქვს. იქ ოპერირებს „ფერერო“ და ეს მისი დადგენილი ფასია. ვერცერთი გლეხი „ფერეროში“ ვერ შევა, თუ ის მსხვილ ფერმერად არ არის დარეგისტრირებული და შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება არ აქვს. ეს სულ სხვა გარიგებაა და აბსოლუტურად განსხვავდება თავისუფალ ბაზარზე არსებული სიტუაციისგან, როცა გლეხს შეუძლია მიიტანოს და ჩააბაროს თავისი მოყვანილი 200-300 კგ ან თუნდაც 1 ტონა თხილი“, - განაცხადა თემურ გოგიამ. 

როგორც მან განმარტა, Hazelnut Gorgia-ს მიერ ყოველწლიურად ჩაბარებული თხილის მოცულობა, მყიდველების მხრიდან მოთხოვნაზეა დამოკიდებული და ფასებიც საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციით რეგულირდება, შესაბამისად, მან ზუსტად ვერ გვიპასუხა წელს რა ოდენობით თხილს და რა ფასად ჩაიბარებს აღნიშნული კომპანია.