აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარამდე, ხოლო მოუვლელი და შეუწამლავის 3,50-4 ლარამდე ეღირება. 

როგორც „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა ამბობს, ამჟამად მიმდინარეობს მოსავლის აღება და დაბინავებულია დაახლოებით 30%.

„ამ ეტაპზე თხილის მხოლოდ ნაწილია დაბინავებული და მისი ფასი 4 ლარამდე მერყეობს, მაგრამ თვის ბოლოსკენ მოლოდინი გვაქვს, რომ ხარისხიანი თხილის ფასი მოიმატებს და შესაძლოა 6-7 ლარი ღირდეს, ოღონდ საუბარია პრემიუმ ხარისხზე.

წლევანდელი მოლოდინი ასეთია, რომ შემოდგომაზე მოუვლელი და შეუწამლავი 1 კგ თხილი 3,50 ლარიდან 4 ლარამდე ეღირება, კარგი ხარისხის 4 ლარიდან 5 ლარამდე, ხოლო პრემიუმ ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 6-7 ლარი იქნება,“- ამბობს გიორგი თოდუა.

მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბით თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება, სწორედ ამიტომ, ეს ქვეყანა თხილის ფასის მთავარი განმსაზღვრელია. გიორგი თოდუა ფერმერებს მოუწოდებს ცოტა ხანს თავი შეიკავონ თხილის გაყიდვისგან, რადგან ფასი თვის ბოლოსთვის მოიმატებს.

„ფერმერები დაბალ ფასებზე ჩივიან, თუმცა მათ, რომლებმაც წამლობები ჩაატარეს და სავარაუდოდ კარგი მოსავალი აქვთ, ვურჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად აიღონ თხილი და მალე გააშრონ, რომ არ გაფუჭდეს. ჯერ არ არის გაყიდვის სეზონი, ამიტომ ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, უმჯობესია კარგად გააშრონ და თვის ბოლოს დაელოდონ“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, 2022 წელს საქართველოში თხილის საერთო რაოდენობა 40 000 ტონამდე იყო და მისი 80%, დაბალი ხარისხის, წელს კი ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი რომლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება.