„გამოიკვეთა ახალი ბაზრები“ - როგორც RE\MAX Capital-ის დამფუძნებელმა მარიამ ასათიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "მონეტიზაცია" ისაუბრა, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომატებულია.
„ძალიან მიჰყვება ტურიზმის ტრენდს უძრავი ქონების ტრენდი, რადგან ბუნებრივია, ყველა უცხოელი მყიდველი პირველ რიგში არის ტურისტი. ჩამოდის, მოსწონს ქვეყანა, მოსწონს კლიმატი, სწავლობს საინვესტიციო კლიმატს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყიდოს. ისრაელი და არაბეთის ქვეყნები ტრადიციულად პოტენციური მყიდველების ბაზარს წარმოადგენენ, ამას დაემატა ინდოეთი და ჩინეთი. ინდოეთის მოქალაქეების ინტერესი მეტწილად პირდაპირი რეისების გახსნის შემდეგ წამოიწია და ჩვენ ვხედავთ კიდევაც, რომ თბილისსა და ბათუმში ჭარბად არიან ამ ქვეყნების მოქალაქეები. არ ვამბობ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ევროპიდან არ ინტერესდებიან, მაგრამ ბოლო დროს ეს ახალი ბაზრები მკვეთრად გამოიკვეთა“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.
მან რუსი, ბელარუსი და უკრაინელი რეზიდენტების შესახებაც ისაუბრა.
„რაც შეეხება რუს, ბელარუს და უკრაინელ რეზიდენტებს, ბოლო პერიოდში ისინი საქართველოში უძრავ ქონებას ჭარბად აღარ ყიდულობენ, ყოველ შემთხვევაში, ეს ტენდენცია არ გამოკვეთილა.
რაც შეეხება ქირავნობას, ტემპიც შეჩერდა და იმ ნიშნულზე დაბრუნდა, რაც მანამდე, ანუ მათ ჩამოსვლამდე იყო. ის ხალხი, ვინც ჩამოვიდა, საქართველო ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენა და შემდეგ ევროპის მიმართულებით ან ემირატებში წავიდა, ხოლო ვინც დარჩა, მათ მანამდეც გარკვეული ბმა ჰქონდათ საქართველოსთან და ამიტომ დარჩნენ ან უბრალოდ სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, ვინც შემოვიდა და დაფუძნდა საქართველოში, ბაზარმა ეს აითვისა და ამ დროისთვის აქტუალური აღარ არის“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.