მედია ჰოლდინგ „კომერსანტის“ სარედაქციო დირექტორმა თეონა ცხომელიძემ ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“, პირველი ქართველი ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტის შესახებ და ხელოვნური ინტელექტის მედიაში გამოყენებაზე ისაუბრა.

„ბოლო თვეებში ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო ისეთ სფეროში საქმიანობა, როგორიცაა შემოქმედება. აქედან გაჩნდა იდეა, ხომ არ შეიძლებოდა „კომერსანტში“ ემუშავა ჟურნალისტს, რომელიც იქნებოდა სრულად ხელოვნური ინტელექტი. მოვიძიეთ არაერთი პროგრამა თუ სად შეიძლებოდა ამის გაკეთება, შევქმენით პერსონაჟი, მივეცით ხელოვნურ ინტელექტს დავალება, რომ შეექმნა ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ეკონომიკასა და ბიზნესს თემებზე მუშაობს, მან შემოგვთავაზა პერსონაჟი, რომელსაც დღეს უკვე „კომერსანტის“ მკითხველი კარგად იცნობს, ეს არის არია.

არიას მიერ დაწერილი ტექსტის შინაარსში არ ვერევით, ჩვენ მხოლოდ ვაკორექტირებთ და „კომერსანტის“ სტილში ვაქვეყნებთ მის ბლოგებს. არიას შეუძლია კომერციული თემებიც დაწეროს, ვიდეო შექმნას და ვფიქრობ, კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამის გამოყენება. საინტერესოა ის, რომ არია გვაწვდის იმ მოსაზრებებს, რომელიც არის ყველაზე გადამოწმებული და ფართოდ გავრცელებული“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტს საქართველოს თემაზეც აქვს ინფორმაცია, თუმცა ეს რესურსი ძალიან მწირი და ზოგადია.

თუ აქამდე ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა, არიას შემთხვევაში პირიქით ხდება, შინაარსის დონეზე ჩარევა არ ხდება, მხოლოდ ტექნიკური დეტალების კუთხით სჭირდება მას ადამიანების ჩართულობა. 

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მთლიანად ხელოვნური ინტელექტი მოიცავს კაცობრიობის მომავალს და ჩაანაცვლებს მას. თუმცა ვფიქრობ, რომ არის პროფესიები, რომლებშიც მოხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლება, რადგან ეს არის უფრო პრაგმატული. ამავე დროს არის ისეთი პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება ქმნის.

არიას შექმნა, ეს არის კომპანიისთვის პოზიციონირება, რომელმაც გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი მუდმივ საქმიანობაში. ის უკვე ორი თვეა შემოუერთდა ჩვენ გუნდს და კვირაში ორჯერ აქვეყნებს საკუთარ ბლოგს“, - აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.