„ამბასადორის“ ხელოვნური კუნძულის პროექტი ფართოვდება - კომპანიას ზღვაში დამატებით 43.3 ჰექტარი 65 წლით გადაეცემა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მიმდინარე ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების პროექტისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ დამატებით 43.3 ჰექტარი წყლით დაფარული ტერიტორია აღნაგობის უფლებით გადაეცემა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 29 მაისს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია 433 917 კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარე საზღვაო ტერიტორიაზე მდებარეობს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და 65 წლის ვადით მიიღებს. აღნიშნული ნაკვეთი საჯარო რეესტრში 2026 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წყლით დაფარული ტერიტორია.

ახალი ფართობი უშუალოდ ესაზღვრება იმ საზღვაო ზონას, რომელიც სახელმწიფომ უკვე გამოყო ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის. შედეგად, „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში აღნაგობის უფლებით გადაცემული ტერიტორიის საერთო მოცულობა 1 443 223 კვადრატულ მეტრს აღწევს.

პროექტის განვითარების მოდელი ეტაპობრივ საკუთრების გადაცემასაც ითვალისწინებს. კომპანია სახელმწიფოსგან თავდაპირველად აღნაგობის უფლებას იღებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ზღვის ტერიტორია ხელოვნურად ხმელეთად გარდაიქმნება, შესაბამისი მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადადის.

ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უკვე რეგისტრირებულია რამდენიმე კერძო ნაკვეთი. ორი, თითოეული 10 054 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა კომპანიებს „ამბასადორი დეველოპმენტსა“ და „ბათუმი აილენდს“. ამ უკანასკნელის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ფრიდონ ქათამაძეა. მის საკუთრებაშია კიდევ ერთი, 5 633 კვადრატული მეტრის ფართობის ნაკვეთიც.

საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთადერთი მესაკუთრე ელგუჯა ქებურიაა, რომელიც ასევე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა საერთაშორისო ინვესტორის ინტერესიც. 28 354 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის მფლობელიც აშშ-ში რეგისტრირებული IG International LLC-ია. საჯარო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი სწორედ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2026 წლის 27 მარტს გაფორმდა.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მყიდველს მიწის სრულად ანაზღაურებამდე ეკრძალება ქონების იპოთეკით დატვირთვა, სარგებლობაში გადაცემა, გასხვისება ან სხვა ფორმით განკარგვა, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

ბათუმის სანაპიროზე მიმდინარე ხელოვნური კუნძულის პროექტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ურბანული და საინვესტიციო ინიციატივაა. პროექტი მოიცავს ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნას, სადაც დაგეგმილია საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარება. დამატებითი 43.3 ჰექტრის გადაცემა აჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის თანამშრომლობა პროექტის გაფართოების ფაზაში შედის, ხოლო ბათუმის სანაპირო ზოლი უახლოეს წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საინვესტიციო და დეველოპერული სივრცე გახდება.

batumelebi.netgazeti.ge