სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ მარტში მომხდარი ხანძრის მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და წლის ბოლოსთვის სასტუმროს ძველი ფლიგელის მეოთხე სართულზე ხანძრის შედეგად დამწვარი რესტორნის „მოზაიკოს“ გახსნასაც გეგმავს.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფლიგელის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

„რესტორანი, რომელიც „ამბასადორი თბილისის“ მეოთხე სართულზე გაიხსნება, სტუმრებს განახლებული, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინითა და ევროპული და ქართული კერძებით უმასპინძლებს. პროექტის მიხედვით „მოზაიკოს“ ექნება ღია, საზაფხულო ტერასაც.

ამ ეტაპზე მუშაობას ჩვენს შენობაში არსებული რესტორანი A.T • Kitchen და მისი კაფე-ტერასა, აუზი და სპა, მაღაზიები „არომატეკა“, „სტეფანო რიჩი“ და სილამაზის სალონი Ambassadori Beauty“, - განმარტავენ კომპანიაში.

რესტორნის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დამატებით მოხდება სასტუმროს ძველი ფლიგელის ნომრების სრული განახლება, რემონტი და აღჭურვა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 31 მარტს სასტუმრო „ამბასადორში“, ერთ-ერთმა სტუმარმა თავისივე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.