საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება ღვინის მწარმოებლებისთვის 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო გახდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალი სისტემა პროდუქციის მიკვლევადობისა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას, ასევე ფალსიფიკაციის რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ვაჭარაძის შეფასებით, ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება საერთაშორისო პრაქტიკაა და ის არაერთ მეღვინეობის ქვეყანაში მოქმედებს.
მისი თქმით, სისტემის დანერგვა მომხმარებლის ინტერესების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ბაზარზე არსებული პროდუქციის კონტროლსა და მის წარმომავლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააძლიერებს.
ვაჭარაძის განცხადებით, ნიშანდების მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მომხმარებელს პროდუქტის შესახებ მეტი სანდო ინფორმაცია ექნება, ხოლო კეთილსინდისიერი მწარმოებლები უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ პირობებში შეძლებენ საქმიანობას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნიშანდება ადგილობრივ ბაზართან ერთად ქართული ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო ბაზრებზე სანდოობის გაძლიერებასაც უნდა დაეხმაროს.