„არასტანდარტულ პურზე მოთხოვნა მზარდია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „გემოვანის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჩავლეშვილმა განუცხადა. მისივე თქმით ბრენდ „მზეთამზეს“ პური ძირითადად მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, ბაზარი კი ისეა გაჯერებული, რომ მომხმარებელი ძირითადად ფართოდ გავრცელებულ ე.წ. სოციალურ პურს ეტანება, რაც ჩავლეშვილის თქმით პურის განვითარების ისტორიამ განაპირობა.

„მომხმარებელი ძირითადად ეტანება ფართოდ გავრცელებულ, ე.წ. სოციალურ პურს, რაც პურის ისტორიის  განვითარებით არის განპირობებული, ადამიანები ძირითადად არ აკვირდებიან რას ჭამენ და ეს ძალიან ცუდია, თუმცა პანდემიის შემდეგ ადამიანმა ჯანმრთელობას და პრევენციულ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმო, სადაც პირველი სურსათია და სურსათში პირველს, რასაც ადამიანი ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე  მოიხმარს, ეს არის პური. ადამიანები ნელ-ნელა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ  ურჩევნიათ პურში გადაიხადონ  ორჯერ მეტი და ეს  იყოს  სასარგებლო“ - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

როგორც ჩავლეშვილი განმარტავს „მზეთამზე“ ამ ეტაპზე დღიურად 5000 -6000 პურს ამზადებს, ახლო მომავალში კომპანიას პურის დღიური წარმადობის გაზრდა 20 000 პურამდე სურს, ხოლო სამომავლოდ დღეში 200 000 პურის დამზადებას გეგმავენ.

„დღეს  ჩვენ გვაქვს 5 სახეობის  პური, თეთრი, ცეხვილი,  ჭვავის 100%-იანი და  ჭვავის და ხორბლის ნარევის ორი სახეობა ერთი მზესუმზირათი და მეორე მზესუმზირას  გარეშე. ეს არის  შეფუთული პური, რომელიც 7000-მდე მაღაზიაში იყიდება, ახლა ვამატებთ არტიზანული პურის წერტილებს, აქაც დაახლოებით 7-8 სახეობის პურია, რომელიც  უფრო მეტი დაყოვნებით და მეტი  ინგრედიენტებით იწარმოება,  ესენია  შავი  ჩირის, ნივრის, მახობელა, რომელიც  სარეველა კულტურაა და  სხვა პურები, რომლებიც ძალიან საინტერესოა,“ - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა .

ჩავლეშვილი აღნიშნავს, რომ „მზეთამზე“ მერვე წელია ამ ბიზნესშია და უკვე ტექნოლოგია მეშვიდედ განაახლა, მისივე თქმით კომპანიამ  ტექნოლოგია  უკვე  საბოლოოდ დახვეწა.

„საფუარად  ვიყენებთ მაჭრის, ანუ ყურძნის საფუარს, ყოველი ცხობის ჯერზე „დაძინებულ“ საფუარს „ვაღვიძებთ“ და ისე ვიწყებთ ცხობას, სწორედ ამან მიგვიყვანა სრულყოფილებამდე, ახლა გვაქვს ისეთი პური, რომელიც სამყაროში იშვიათობაა, ეს საქართველოში მონასტრების ბაზარზე შემუშავებული, ძველი, მაგრამ განახლებული მიდგომაა.

ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს  ვიყენებთ და ადგილობრივ ბაზრებს  ვქმნით, ჩვენ პროდუქციაში ვიყენებთ ქართული ხორბლის ფქვილს, ეს არის თეთრი ფქვილი, რომლისგანაც ვამზადებთ თეთრ პურს, ასევე ვაწარმოებთ ცეხვილის პურს. ცეხვილი  ჩვენ თვითონ ვფქვავთ და ძირითადად ძველი ქართული ენდემური ხორბალი გამოიყენება.  ასევე გვაქვს  ჭვავის და  ჭვავნარევი პური, რომლებიც გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან და სასარგებლოა. ასევე დავამატებ იმასაც, რომ ადგილობრივ მეხორბლეებს ენდემურ და ძველი ჯიშის ხორბალში თითქმის სამმაგს ვუხდით.“ - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა .

„მზეთამზეს” პური უძველესი ტექნოლოგიით - ქართული ხორბლის ფქვილითა და ბუნებრივი საფუარით, ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება. „გემოვანი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად აწარმოებს პურს.