„კომერსანტის“ ეთერში  რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ბიზნესისა და განათლების სფეროების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც პროფესიული განათლება მიღებული, სერტიფიცირებული კადრი დაიწყებს ბიზნესის სფეროში მუშაობას, ხელფასიც შესაბამისი იქნება. რაც ქვეყანაში ძლიერ საშუალო ფენას და დოვლათს შექმნის.

„საშუალო ფენის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს, აისახება ადამიანების ჯიბეზეც, როდესაც ის თავისი პროფესიით მუშაობს.

მზა კადრი მიეცემა ბიზნესს და ხელფასის პრობლემა ვერ წარმოიქმნება, ჩვენ დარგში ისედაც 2-2,5-ჯერ არის გაზრდილი ხელფასი კოვიდის შემდეგ. მეტწილად გამოსწორებულია შესაბამისი ხელფასების პრობლემა.

ეს შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, რომ მათი პროფესიით იმუშაონ და ამით იყვნენ კმაყოფილი.

ადამიანების დაფასებით იწყება საზოგადოების შექმნა. თუ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი წევრი იქნება კმაყოფილი თავისი ყოფით, ამ შემთხვევაში იქნება დოვლათი და შესაძლებლობა, რომ საზოგადოება უკეთესი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილო ადამიანი დადებით სახელმწიფოს ვერ შექმნის,“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.