ქართული სტარტაპი tasteit-ი თანამედროვე სოციალური ქსელია გურმანებისთვის, რომელიც ბაზარზე 5 თვის წინ გამოჩნდა და როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე ამბობს, ნულოვანი მარკეტინგული დანახარჯების მიუხედავად, 5 თვეში 15 000 Foodmate-ი მოაგროვა და 80-მდე პარტნიორი კვების ობიექტი ჰყავს საქართველოში. გიორგი გვიყვება, რომ tasteit-ი ცოტა ხნის წინ გერმანულ აქსელერაციის პროგრამა Earlybird-ში მოხვდა, რომელიც, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფონდია. 6-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, დაფინანსებას მიიღებენ და მსოფლიოში ყველაზე დიდ ინვესტორებთან გაეხსნებათ კარი. მანამდე tasteit-მა Shark Tank Georgia-სგან 100 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო, Gita-სგან - 150 000 ლარი, 2 თვეში კი გერმანულ ბაზარზე გეგმავენ შესვლას.

„კომერსანტი“ გიორგი ურუშაძეს tasteit-ის შექმნის, განვითარების, მოგებული გრანტებისა და ევროპაში გავრცელების შესახებ ესაუბრა.

როგორ გაჩნდა Tasteit-ის შექმნის იდეა?

გიორგი ურუშაძე, Tasteit-ის დამფუძნებელი: ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, რომ სტარტაპი გამეკეთებინა, თუმცა ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის რაღაცას ვაარსებდი, ვქმნიდი და იდეის გარშემო ადამიანებს ვაერთიანებდი.

tasteit-ის იდეა, სარეკლამო სააგენტოში მუშაობის დროს, Burger King-ის ბრიფზე „ბრეინშტორმინგის“ დროს დაიბადა. პანდემიის დროს, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ ურთიერთობები, ერთმანეთთან კავშირის დამყარება და შესაბამისად, ახალი ემოციური ძაფების გაბმა, თუმცა კავშირისთვის რაიმე საერთო გადაკვეთის პოვნა მნიშვნელოვანი ასპექტია. შესაბამისად, დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ის მედიუმი, რომელიც ადამიანებს პირველი შეხვედრის უხერხულობას მოუხსნიდა, გამოიყვანდა გაცნობის აპლიკაციების ჩარჩოდან და ყოველგვარი წინასწარი სტრესის გარეშე, ერთმანეთთან დააკავშირებდა. დაკვირვების შედეგად, მივხვდი, რომ საჭმელი, ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში, ინდივიდების დამაკავშირებელი მთავარი მედიუმი გახდა. სწორედ ასე ჩამოყალიბდა tasteit-ის იდეა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოების გარეშე, კვების გავლით აკავშირებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვინდა შევქმნათ მთავარი Food სოციალური ქსელი, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი მომხმარებლები, აღმოაჩენენ საუკეთესო კერძებსა და სასმელებს, მიიღებენ განსაკუთრებულ კულინარიულ გამოცდილებას და ერთმანეთს კვების გავლით დაუკავშირდებიან.

როდის გამოჩნდა Tasteit  ბაზარზე?

საქართველოს ბაზარზე Tasteit  5 თვის წინ გამოვჩნდით და მიუხედავად, ნულოვანი მარკეტინგული დანახარჯებისა ძალიან კარგ შედეგზე გავედით. ხუთ თვეში, 15 000 ადამიანის, ჩვენს შემთხვევაში, Foodmate-ის გაერთიანება მოვახერხეთ და აპი, აქტიურ სოციალურ ქსელად ვაქციეთ. გარდა ამისა, გვყავს 80-მდე პარტნიორი კვების ობიექტი საქართველოს მასშტაბით და 1000-ზე მეტი კერძი თუ სასმელი.

დაახლოებით 2 თვეში ვგეგმავთ გერმანულ ბაზარზე შესვლას, თავდაპირველად დავიწყებთ ტესტირებით ბერლინში და ცოტა ხანში, სრული ძალებით ჩაშვებას.

ვინ არის Tasteit-ის აუდიტორია, რამდენი გამომწერი გყავთ? 

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლები არ არიან მხოლოდ ახალგაზრდები; აპლიკაციაში შეხვდებით სხვადასხვა ასაკის ადამიანს, რომელთაც კარგად გაიაზრეს აპის იდეა, ახალი გემოების აღმოჩენასთან ერთად, ცდილობენ იპოვონ ახალი კავშირები და tasteit სწორედ იმ მიმართულებით გამოიყენონ, რაც თავიდანვე გვქონდა გეგმაში.

ჩვენს აპლიკაციაში მნიშვნელობა არ აქვს, გენდერს, ასაკს, რელიგიურ კუთვნილებას, ეს არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს გემოების გავლით ურთიერთობებს უადვილებს.

Tasteit-ის განვითარებაზე გვიამბეთ. როგორც ვიცი, Tasteit-მა Shark Tank Georgia-ს პროექტში 100 000 ლარის ინვესტიციაც მოიპოვა. რას ხმარდება ეს ინვესტიცია?

Shark Tank Georgia-ს დაფინანსება ძირითადად აპის შექმნას და განვითარებას მოხმარდა, ამის შემდეგ იყო Gita, სადაც 150 000 ლარიანი გრანტი მივიღეთ. დაახლოებით ერთ თვეში ვაწერთ ხელს ახალ ინვესტიციას, რომელიც ძირითადად, გერმანულ მარკეტს მოხმარდება.

ცნობილი გახდა, რომ Tasteit გერმანული აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა, გვიამბეთ ამის შესახებ, რას ნიშნავს ამ პროგრამაში მოხვედრა?

გერმანულ აქსელერაციის პროგრამაში Earlybird-ში მოვხვდით, რომელიც, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფონდია. ეს უდიდესი ვალიდაციაა ჩვენი სტარტაპისთვის, რადგან თანხასთან ერთად, ვიღებთ უდიდეს გამოცდილებას და ვამყარებთ კავშირებს, რომელიც გლობალური პროექტის შესაქმნელად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 6-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, მივიღებთ დაფინანსებას და ასევე, კარი გაგვეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდ ინვესტორებთან. Tasteit პროგრამაში დიდი კონკურენციის შედეგად მოხვდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული სტარტაპი ვართ, რომელსაც წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

Tasteit-ს რა სიახლეები და გეგმები აქვს?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ ფუნქციაზე, რომელიც ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება Dines სახელწოდებით. აპლიკაციაში გვექნება ორი Mode: უკვე არსებული, Food, სადაც ადამიანები ახალ კერძებსა და სასმელებს პოულობენ და მათი გავლით ერთმანეთს უკავშირდებიან და მეორე Dines, სადაც მომხმარებლები Food ღონისძიებებს შექმნიან, სხვა მომხმარებლებისგან მიიღებენ მოწვევას და ერთად შეძლებენ, კონკრეტულ რესტორანში, ბარსა თუ კაფეში შეხვედრას. ამავდროულად, ჩვენ მომხმარებლებს, შევთავაზებთ ექსკლუზიურ Dine გამოცდილებებს, მაგალითად: დინერზე, რომელიმე ცნობილ ადამიანთან შეხვედრას, განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებების მიღებას, Food ვორქშოფებზე დასწრებას და ა.შ. კვების ობიექტებსაც შეეძლებათ ივენთების შექმნა და სპეციალური Food ან Drinks გამოცდილებების შეთავაზება. ასევე, ძალიან მალე დაგვემატება სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები, რომლით სარგებლობასაც, მხოლოდ ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ. ამას გარდა, ძალიან მალე, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ Food ლისტების შექმნის ფუნქციას, სადაც ისინი საყვარელ კერძებსა თუ სასმელებს შეინახავენ და ერთმანეთს გაუზიარებენ, დაგვემატება ქალაქების, უბნების მიხედვით, ყველაზე პოპულარული კერძების ტოპ ჩარტები, რაც რესტორნებს ერთმანეთთან დიდ კულინარიულ გამოწვევაში შეიყვანს და შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესის ხარისხის გაუმჯობესდება.

დარწმუნებული ვარ, წინ დიდი თავგადასავალი გველოდება. ასე დარწმუნებული ჩვენი სტარტაპის წარმატებაში არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ, 2024 წელი tasteit-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.