"tv პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, პირველი მილიონი რუსი პენსიონერებისგან თაღლითურად მიღებული ფულით იშოვა.

ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადებები, "სუფთად ნაშოვნ ფულზე", ტყუილია.

"ხშირად ახსენებს ხოლმე ივანიშვილი თავის ხელწერას, რომ "მე სუფთა ხელებით მოვედი და ა.შ... ივანიშვილმა რუსეთში შექმნა ბანკი „რასისკი კრედიტ“-ი; ამავდროულად ის ყოველთვის ამისამართებს ხალხს თავის "ვედომოსტის" სტატიაზე ანუ, თავისივე ინტერვიუზე აკეთებს რეფერენსს, რომ ხალხს აჩვენოს, თითქოს "როგორი სუფთა ხელებით მოვედიო".

რეალურად, მან რა გააკეთა? - ბანკ “რასისიკი კრედიტიდან“ აიღო დეპოზიტარების ფული, რუსი პენსიონერების და ხალხის თანხა. ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომლებმაც სწორედ ის გახადა მილიარდერი. შემდეგ ამ ხალხს 1998 წელს უთხრა, რომ ბოდიში, მე ამ ფულს ვერ გიბრუნებთ, დაგიბრუნებთ 20 წელიწადში გაუფასურებულ რუბლებსო. ამავდროულად კი, ეს მთელი აქტივები თავისთვის დაიტოვა.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირ კრიმინალი დღესაც და მაშინაც. შესაბამისად, ნურავის ნუ ატყუებს თავის სუფთად ნაშოვნ ფულზე.

ის ამბობს, რომ მე ერთადერთი ბანკი ვიყავი, რომელმაც ეს ფული დავარესტრუქტურიზე, მაგრამ მაინც დავუბრუნე პენსიონერებსო. ის ასე რომ აქ მოქცეულიყო, მას ციხეში გაუშვებდნენ, რადგან მას ეს ფული თავისთვის ჰქონდა დახარჯული, თავისი კომპანიების შესაძენად," - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

დონარ მელაძის კითხვას - იყო თუ არა ეს თაღლითობა - გიორგი ბაჩიაშვილმა ასე უპასუხა:

"ჩვეულებრივი თაღლითობაა; ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ნუ მეტყვი, როგორ იშოვე შენი პირველი მილიონიო. ეს სწორედ ის პირველი მილიონია, რომლის თქმაც ივანიშვილს ასე ძალიან არ უნდა და რასაც ასე საგულდაგულოდ, ამდენი ხანი მალავდა. ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც ამბობს, მე სუფთა ხელებით მოვედი და მე ქველმოქმედი ვარ და კარგი ბიზნესმენიო, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ ვის აძლევს ხმას", - ამბობს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის პირველი ნომრისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

bm.ge