„სითი მოლის“ მფლობელმა IG Development-მა 2022 წელს შემოსავალი 19 მილიონი ლარით, 80.2 მილიონ ლარამდე გაზარდა.

გასულ წელს შემოსავლების ზრდა ყველაზე მეტად იჯარიდან მიღებულ თანხებს უკავშირდებოდა, სადაც კომპანიის ამონაგები 20 მილიონი ლარით გაიზარდა. 14 მილიონი ლარით გაიზარდა „აი ჯი დეველოფმენტის” წმინდა მოგებაც და მან 56.56 მილიონ ლარს მიაღწია. 

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჯგუფი მიმდინარე წელს რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„ჯგუფი კონცენტრირებულია გახდეს სავაჭრო ცენტრის წამყვანი ქსელი საქართველოში და იფუნქციონიროს სრული დატვირთვით, ასევე აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია ცდილობს გააფართოოს „გლდანი მოლი“, და დაიწყოს ორი ახალი პროექტი: მულტი-საოჯახო და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა თბილისში და სასტუმროს მშენებლობა რაჭაში.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი; მისი მიზანია შექმნას ყველაზე თანამედროვე კომერციული სივრცე, რომელიც თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული და ადგილობრივ მერჩენდაიზერებს შეეძლებათ იმუშაონ სრული დატვირთვით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ჯგუფის მთავარი საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემაა სამ სავაჭრო ცენტრში: „სითი მოლ ქავთარაძე“, „სითი მოლ ვაჟა“ , „სითი მოლ გლდანი“ და ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერ“. ყველა მოლს ერთდროულად 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, მათ შორის სუპერმარკეტები, სწრაფი კვების რესტორნები, ტანსაცმლისა და სხვა მაღაზიები.

2022 წელს ჯგუფის საიჯარო შემოსავალი საინვესტიციო ქონებიდან 63.1 მილიონი ლარი, ხოლო ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 16 მილიონი ლარი იყო.

2022 წლის ბოლოსთვის კომპანიის აქტივები 316 მილიონ ლარს შეადგენდა.

შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია დაფუძნდა 2010 წელს შპს აი ჯი ინთერნეშენალ-ის მიერ. კომპანიის 100% წილის მფლობელი შპს აი ჯი ინთერნეშენალია, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელს მინდია საბანაძე წარმოადგენს.

2021 წელს ჯგუფმა დააარსა 100%-ით საკუთრებაში არსებული ადგილობრივი შვილობილი კომპანია, შპს „სითი დეველოპმენტი“, რომელიც დაკავებულია CITYZEN კომპლექსის განვითარებით, რაც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობდა და ჯგუფს უკვე დაწყებული ჰქონდა ავანსების მიღება ასაშენებელ საცხოვრებელ ფართებზე. მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.