Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ივნისის განახლების მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში 22,799 საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქცია დარეგისტრირდა, ხოლო გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.6%-იანი ზრდაა.

კვლევის თანახმად, ივნისში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეორად ბაზარზე გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

მიმოხილვის მიხედვით, მიწოდების მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა. ზედიზედ რვა თვის შემცირების შემდეგ, ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი 225.3%-ით გაიზარდა და 300,095 კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. თუმცა, მთლიანობაში, 2026 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.3%-ით შემცირდა და 818 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.

მოთხოვნა იზრდება

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ივნისში თბილისში 4,503 ბინა გაიყიდა. აქედან, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 22.3%-ით გაიზარდა და 2,224 ერთეული შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები 52.6%-ით გაიზარდა და 2,279 ბინა შეადგინა.

ამასთან, Galt & Taggart-ის მიერ 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პირველადი ბაზრის რეალური გაყიდვები ივნისში წლიურად 54.4%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება.

ფასები და ქირა

კვლევის მიხედვით, ივნისში პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,417 აშშ დოლარი შეადგინა.

მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებული საცხოვრებლები) ფასი თვიურად 1.5%-ით შემცირდა და 1,345 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, რაც აპრილში დაფიქსირებული 5%-იანი ზრდის შემდეგ ბაზრის ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

რაც შეეხება გაქირავების ბაზარს, თბილისში 50-60 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის საშუალო ქირა ივნისში მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიურად 1.4%-იანი ზრდაა. ქირის ამონაგებმა კი 8.5% შეადგინა.