საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 378.9 მლნ დოლარით, რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული საქონლის ექსპორტი 59.5%-ით გაიზარდა. შედეგად, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების წილმა მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3% შეადგინა.
მიუხედავად ექსპორტის სტატისტიკის დადებითი დინამიკისა, „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი გასულ წელს პოზიტიურად ვერ აფასებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„2025 წელს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. წელს, თებერვლის ბოლოს უკვე ოთხი წელი სრულდება, რაც დარგი კრიზისშია და სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას ბოლო ჯერ არ უჩანს“, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სექტორში რადიკალური დადებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ერთადერთ შესაძლო შემამსუბუქებელ ფაქტორად იგი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის გაიაფებას ასახელებს, რაც მცირე ქარხნებს მუშაობის განახლების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება ფასებს, ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ფეროშენადნობების ბაზარზე ამ ეტაპზე გასული წლის მსგავსი ფასები შენარჩუნებულია, თუმცა, გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება, განსაკუთრებით უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, დარგზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება: „ამ შემთხვევაში გაიზრდება ფასები როგორც მეტალზე და მეტალის პროდუქციაზე, ისე ფეროშენადნობებზე, რაც ბაზარზე გაორმაგებული ძალებით დაბრუნების საშუალებას მოგვცემს“.