8-9 მარტს, გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი, უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველო უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. ჩატარებული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედრეაციის (FIS) მხრიდან, წარმატებულად შეფასდა, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით.
საქართველო ზამთრის ტურიზმის მიმართულებით, მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს იკავებს. წარმატებუალდ ჩატარებული ღონისძიებების შედეგია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.
„საერთაშორისო ღონისძიებების მაღალი სტანდარტით ჩატარება, წარმოაჩენს ქვეყნის პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. ზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას“- განაცადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.